ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი და უეფას ვიცე-პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის დროებით პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტისგან 90 დღით დასჯილ მიშელ პლატინის ესპანელი შეცვლის. ვილიარი უეფას პირველი ვიცე-პრეზიდენტია. აღნიშნულ სხდომაზე ფრანგი არ იმყოფებოდა.
ამავდროულად, ფიფას ეთიკის კომიტეტმა ვილიარის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. ესპანელ ჩინოვნიკს 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების არჩევასთან დაკავშირებით ჩვენება უნდა მიეცა, თუმცა დუმილი არჩია, რაც ანხელის საქმინობის კვლევის მიზეზი გახდა.