ფეხბურთი

16:52 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ეს თამაშები ჩემთვის სტიმულია მეტი რომ ვიმუშაო და როგორც ფეხბურთელი გავიზარდო"
“ქართველი ხალხის გასახარებლად არაფერს დავიშურებთ”

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიბრალტართან და გერმანიასთან მატჩებში ერთ-ერთი გამორჩეული ბაქოს "ინტერის" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი გახლდათ. არადა, ნიკასთვის აღნიშნული შეხვედრები ნაკრებში სადებიუტო იყო.

კვეკვესკირმა კარიერა ზუგდიდის “ბაიაში” დაიწყო, საიდანაც მალევე ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდ თბილისის “დინამოში” მოხვდა. თუმცა, მას თბილისური კარიერა ვერ აეწყო და შემდეგ “ცხინვალს” მიაშურა, იქიდან კი გორის “დილაში” ჩაირიცხა, რომლის რიგებშიც გასულ სეზონში გამორჩეული იყო და საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

23 წლის ნახევარმცველმა ზაფხულში სამშობლოდან წასვლა გადაწყვიტა და ბაქოს “ინტერში” გადაბარგდა. კვეკვესკირმა აზერბაიჯანში თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ყურადღება მიიპყრო. “ჯვაროსნების მესაჭე ახალგაზრდა ფეხბურთელს გიბრალტართან მატჩში ენდო და სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა. ნიკამაც გაუმართლა, თავი საგოლე პასით და აქტიური თამაშით გამოიჩინა. მერე, ლაიფციგში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან ჩატარებული თამაში გახლდათ, რომელშიც კვეკვესკირი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ნიკამ worldsport.ge-სთან საუბრისას ნაკრების განვლილი მატჩები დადებითად შეაფასა და დასძინა, რომ ქართველი ხალხის გასახარებლად ის და ნაკრების წევრები ყველაფერს გააკეთებენ.

- თავიდან, საქართველოს ნაკრების თამაში რომ შეაფასო გერმანიასთან შეხვედრაში?

- ჩემი აზრით, ჩვენს თამაშში უფრო მეტი დადებითი იყო, ვიდრე უარყოფითი. გამოჩნდა ის პოტენციალი, რაც ამ გუნდს გააჩნია. საქართველოს ნაკრებს შეუძლია ქართველი ხალხის ოცნების ახდენა. მე ამის მჯერა. ამასთანავე, არ უნდა გამოგვრჩეს ის ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო გვაკლდნენ და მათთან ერთად უფრო გავძლიერდებით.

- აღნიშნულ მატჩში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება აქამდე არ გქონია. რამდენად ელოდი ასეთ თამაშს?

- სიმართლე გითხრათ, უკეთეს თამაშსაც ველოდები. ეს ნამდვილად არ იყო ჩემი საუკეთესო თამაში. მიმაჩნია, რომ კიდევ შემიძლია მომატება. ისე კი, ეს მატჩი ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო იმიტომ, რომ უფრო მეტი ვიმუშაო ჩემს თავზე და როგორც ფეხბურთელი გავიზარდო.

- ნაკრებში სულ რაღაც მეორე შეხვედრას ატარებდი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარესთვის ლამაზი გოლის გატანასთანაც ახლოს იყავი. იმ ეპიზოდში რას გრძნობდით?

- იმ მომენტისას იყო წამის მეასედი, როცა გავიფიქრე, რომ გოლი გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე და გული ძალიან დამწყდა. თუმცა საბედნიეროდ იმ შეტევას ჯაბა კანკავას არაჩვეულებრივი გოლი და უდიდესი სიხარული მოჰყვა.

- მოედანზე 78 წუთი გაატარე. მერე, მთავარმა მწვრთნელმა შეგცვალა და მალევე გოლი გავუშვით. რა იყო ცვლილების მიზეზი?

- თავი დაღლილობამ იჩინა, რადგან 7 დღეში სამი თამაშის ჩატარება მომიწია თუ კლუბში თამაშსაც გავითავლისწინებთ. ეს მწვრთნელმა შეამჩნია და ჩემი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

- გიბრალტართან და გერმანიასთან შეხვედრებში შორი მანძილიდან დარტყმებს არ ერიდებოდი. ამ კომპონენეტზე ალბათ, ვარჯიშობ...

- ამაზეც და ბევრ სხვა კომპონენტზე ვარჯიშობ და კიდევ უფრო მეტი მაქვს სავარჯიშო. აუცილებლად ვეცდები ყველა მხრივ მოვუმატო.

- სექტემბრიდან ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება. რამდენად რეალურია ამ გადმოსახედიდან წარმატებაზე ფიქრი?

- ნაკრების თითოეული წევრი, სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული სწორედ ამაზე არის ფოკუზირებული, რომ მომდევნო ციკლში ჩვენს კონკრეტულ მიზანს მივაღწიოთ და ეს მიზანია სამეულში მოხვედრა. მე მჯერა, რომ ეს შეგვიძლია და არაფერს დავიშურებთ ამ მიზნის მისაღწევად.

- ყველაზე მეტად რომელ მეტოქეს გამოარჩევდი?

- ჩვენი ჯგუფი იმითაა საინტერესო, რომ კონკრეტულად ერთი გუნდის გამოყოფა რთულია. ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება და ვფიქრობ, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვე იქნება და ერთბაშად რამდენიმე გუნდს შეეძლება ფინალურ ეტაპზე გასვლა. იმედია, ერთ-ერთი სწორედ საქართველოს ნაკრები იქნება.

- გერმანიასთან თამაშს დავუბრუნდეთ. მსოფლიოს ჩემპიონებს არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ ვის გამოარჩევდი ჩატარებული მატჩიდან?

- ყველა უმაღლესი დონის მოთამაშეა და მათი შესაძლებლობები ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, მაგრამ ჩემი აზრით, თამაშზე გადამწყვეტი გავლენა მესუტ იოზილის ნიჭმა და კლასმა იქონია.

- კლუბზეც ვთქვათ. ბაქოს “ინტერს” როგორ შეეწყვე და რამდენად განსხვავდება ჩვენი და აზერბაიჯანის ჩემპიონატების დონე?

- “ინტერში” ძალიან მალე გავიარე ადაპტაცია. იქ ქართველებს ძალიან დიდ პატივს სცემენ და ჩემს მიმართ პირველივე დღიდან დადებითად იყვნენ განწყობილნი, რამაც ეს ყველაფერი გამიადვილა. ამასთანავე ისეთ მწვრთნელთან მუშაობა, როგორიც ზაურ სვანაძეა, უდიდესი კომფორტია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. რაც შეეხება დონეს, სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ჩვენზე ოდნავ წინ არის, რაზეც ევროპა ლიგაზე მათი კლუბების წარმატებული გამოსვლაც მეტყველებს.

- რახან სვანაძე ახსენე, კახა ცხადაძეზე და მის საწვრთნელ პროცესზე რას იტყოდი?

- ცხადაძე შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და რაც მთავარია ყველა ფეხბურთელმა იცის თავისი კონკრეტული დავალება თუ რა უნდა გააკეთოს მინდორზე. ამ თამაშებმა გამოაჩინა, რომ ნაკრები აშკარად ვითარდება და ეს ყველაფერი რასაკვირველია პირველ ყოვლისა მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.

- ნიკა, კლუბის შეცვლას ხომ არ აპირებ?

- ჯერჯერობით არ ვაპირებ, მაგრამ რა თქმა უნდა, უკეთეს ლიგაში და გუნდში გადასვლა ყველა ფეხბურთელს სურს, გამონაკლისი არც მე ვარ. თუმცა დღეს “ინტერის” ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ ამ გუნდის წარმატებისთვის.

- რომელი ჩემპიონატი და გუნდი გიზიდავს ყველაზე მეტად?

- ესპანეთის პრიმერადივიზიონი და კატალონიის “ბარსელონა”.

0.115679