გუშინ ათენში ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და პირველსავე დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვეტერანთა ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.
60-წლამდელთა ჯგუფში, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თეიმურაზ ხაბაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალამდე ისე მივიდა, არც ერთი მეტოქისთვის პატარა შანსიც კი არ მიუცია. თურქ ჰასან ოლმეზს 11:0 მოუგო, სამხრეთაფრიკელ რეგინოლდ ვილმოტ ჰოლდერს – 9:0, ხოლო კიდევ ერთ სამხრეთაფრიკელ პეტრუს სტეფანუს ვერმააკს – 10:0. გადამწყვეტ ბრძოლაში ხაბაძე რუს ნიკოლაი კაზაკოვს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი არ გამოუცხადდა და ოქროს მედალს უბრძოლველად დაეუფლა.
45-წლამდელთა ჯგუფში მსოფლიო მედლები ლუკა კურტანიძემ (130 კგ) და ჯემალ კილაძემ (85 კგ) მოიპოვეს. კურტანიძეს უმაღლეს ტიტულამდე ირანელი მუჰამედ ებრაჰი აკბარპურის ძლევა დააკლდა (4:7) და პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა. ფინალის გზაზე ლეგენდარულმა ქართველმა მოჭიდავემ ორი მეტოქე ჩამოიცილა: თურქ შენერ სარს 3:1 მოუგო, ხოლო ირანელ მოჰამედრეზა კორდაბაჩეს – 10:0.
ჯემალ კილაძე ამერიკელი ვესლი ჯერმეინისა (2:2) და სამხრეთაფრიკელი იოჰანეს კრისტ ლომბაარდის (10:6) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში იაპონელ ჰიროსკი შიბატასთან დამარცხდა (0:10). რეპეშაჟის ფინალში კი ბერძენ პავლოს კორონიდისს აჯობა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ჩემპიონატი 7 ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს. ყველაზე ახალგაზრდა ვეტერანები 45-წლამდელთა კონკურენციაში ჩაებნენ, ყველაზე ხანდაზმულები კი 70-წლამდელთა და უფროსთა სატურნირო განაცხადში ჩაეწერნენ.