ბელგიის საფეხბურთო ნაკრებს ისტორიული შედეგის ჩვენების შანსი აქვს. თუკი ბენილუქსელები 13 ოქტომბერს ევროშესარჩევის დასკვნით მატჩში საკუთარ მინდორზე ისრაელს მოუგებენ, ფიფას რეიტინგში პირველ საფეხურზე გადაინაცვლებენ.
სადღეისოდ ბელგიელები მესამე საფეხურზე არიან, მაგრამ მიმდინარე თვეში მარცხი განიცადეს რეიტინგსიის ლიდერებმა გერმანიამ და არგენტინამ და ბრიუსელში ბელგიელების მიერ ებრაელთა ძლევის შემთხვევაში, ისინი კლასიფიკაციის სათავეში მოექცევიან. ბელგიელები 1440 სარეიტინგო ქულას დააგროვებენ, რითაც ალემანთათვის და პატაგონიელთათვის მიუღწეველები აღმოჩნდებიან. შეგახსენებთ, 2009 წელს ბელგიელები ფიფას რეიტინგში მხოლოდ 66-ე ადგილზე იყვნენ, მას შემდეგ მოყოლებული მეთოდურად წინ მიიწევენ და ამჯერად სულაც ლიდერობის რეალური შესაძლებლობა აქვთ.
ჯერჯერობით ფიფას რეიტინგს სათავეში მხოლოდ გერმანია, ბრაზილია, იტალია, საფრანგეთი, არგენტინა, ესპანეთი და ჰოლანდია ედგნენ.
ბოლოს, ევროშესარჩევის B ჯგუფზეც ვთქვათ. დასკვნითი ტურის წინ მარკ ვილმოტსის გაწვრთნილი ბელგიელები 20 ქულით ლიდერობენ. 18 ქულა აქვს მეორე საფეხურზე მყოფ უელსს, რომელიც 13 ოქტომბერს აუტსაიდერ ანდორას მასპინძლობს. ბელგიამ და უელსმა ევრო2016-ზე მონაწილეობის უფლება ვადამდე ადრე დაიბევა. ჯგუფში მესამე ადგილისა და პლეი ოფში თამაშისთვის ბოსნია (გასვლაზე კვიპროსს ხვდება) და ისრაელი იბრძვიან. ბოსნიელები ებრაელებს ქულით უსწრებენ.