კალათბურთი

23:09 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” 44-ქულიანი მარცხი

თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში მე-3 მატჩი ჩაატარა და კვლავ უშანსოდ დამარცხდა. ის, რომ ქართული კლუბი რუსეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდ – მოსკოვის ოლქის წარმომადგენელ “ხიმკისთან” წააგებდა, ნათელი იყო, თუმცა, ამგარიში მაინც უსიამოვნო სანახავია – 117:73.

“ვითა” შედარებით უკეთ მე-2 და მე-3 მეოთხედებში გამოიყურებოდა, პირველი და ბოლო ათწუთეულები კი, შესაბამისად, 13:34 და 18:37 დათმო და 44-ქულიანი სხვაობითაც წააგო. ისიც ვთქვათ, რომ “ხიმკიმ” 2 რეკორდიც დაამყარა. გასულ მატჩამდე ვთბ-ლიგის ეგიდით, 19 ზუსტი სამქულიანი და 38 შედეგიანი პასი არავის მოუგროვებია.

“ვითას” რიგებში საუკეთესო უკრაინის ნაკრების კალათბურთელი ალეკსანდრ ლიპოვი იყო 19 ქულით, შემდეგ კი ამერიკელი ლეგიონერებიც გამოირჩნენ: პიერია ჰენრიმ 16 ქულა მიითვალა, დარიუს კარტერმა და რალსტონ ტერნერმა კი – 15-15.

ისიც ვთქვათ, რომ თბილისური კლუბის ქართველ მოთამაშეებზე 73-დან მხოლოდ 4 ქულა მოდის: 3 ქულა მიხეილ ბერიშვილმა მიითვალა, 1 კი – ლევან შენგელიამ.

ვარსკვლავებით სავსე “ხიმკის” მხრიდან 22 ქულით ფინელი პეტერი კოპონენი გამოირჩა, ხოლო ალეკსეი შვედმა 19 ქულა ჩააგდო.

ქართული კლუბი ვთბ-ლიგაში მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს, შინ, “ნიჟნი ნოვგოროდის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

ხიმკი – ვითა 117:73 (34:13, 22:16, 24:26, 37:18)

0.301979