13 ოქტომბერს საქართველო-ესტონეთის 21-წლამდელთა მატჩია. შეხვედრა “მიხეილ მესხზე” 19:00 საათზე დაიწყება. რა დატვირთვა აქვს ამ თამაშს? უპირველესად ის, რომ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსს შევინარჩუნებთ მოგების შემთხვევაში. სამ მატჩში სამი ქულა გვაქვს, ხოლო ესტონეთს უკვე გადაწურული აქვს ყველანაირი შანსი: ოთხ შეხვედრაში ერთადერთი ქულა მოუპოვებია.
ქართველთა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. დანაკლისი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ესპანეთთან თამაშის წინ გვქონდა.
ალექსანდრე ჩივაძე: ტრავმის გამო არ გვეყოლებიან ავთო ენდელაძე, გურამ გოშთელიანი და ჯიმი ტაბიძე. ასევე, ლევან შენგელიას სამუშაო ვიზის ვადა დაუმთავრდა და ბელგიაში დაბრუნდა. მოხარული ვარ, რომ ოთარ კაკაბაძემ გამოთქვა სურვილი ჩვენთან თამაშისა. ის დღეს დაბრუნდა გერმანიიდან, ეროვნულ ნაკრებში გერმანიასთან მინდორზე არ ყოფილა და ხვალ შესძლებს ჩვენს დახმარებას. აქვე ვიტყვი მთავარ ნაკრებზე: მოხარული ვარ, რომ ასე ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონთან. კარგია, რომ გიორგი პაპუნაშვილმა მოირჩინა ტრავმა და “ვერდერში” ითამაშა, ხოლო ლუკა ჰუფნაგელმა სულაც გოლი გაიტანა “ფრაიბურგის” ამხანაგურში. ისინი ესტონეთთან არ გვეყოლებიან, მაგრამ ნოემბრის შეხვედრებში მათი იმედიც გვექნება. ასევე, ლუკა ზარანდიაზეც, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო. ჯერ სრულყოფილ ფორმაში ვერაა. ზარანდიას დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და ნოემბერში შესძლებს ჩვენთან თამაშს. კარგია, რომ ნიკა ჭანტურიამ ითამაშა თბილისის “დინამოში”.
- მეტოქეზე რას იტყვით?
- ფიზიკურად ძლიერი და განსწავლული ნაკრებია. ბოლო მატჩში შვედეთთან 0:5 წააგეს, მაგრამ მე-6 წუთზე მსაჯმა ესტონელი ფეხბურთელი დაუმსახურებლად გააძევა და ამან დიდად იმოქმედა ანგარიშზე. ესტონეთი კონტრშეტევებზე აწყობს თამაშს. ჩვენ ყველა ვარიანტში მოგებაზე უნდა ვითამაშოთ, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.
- თქვენ სამთავრობო კომისიის წევრიც ხართ და როდის გაიმართება სხდომა, რომელიც ქართული ფეხბურთის პრობლემებზე იმსჯელებს?
- ხვალ აღამასკომი გაიმართება, რომელსაც მე ვერ დავესწრები, თუმცა ლევან კობიაშვილთან ვისაუბრე პრობლემების შესახებ. წლის ბოლომდე დაინიშნება რიგგარეშე ყრილობა, სადაც აირჩევა ახალი აღმასკომის შემადგენლობა.
1. | ხორვატია | 3 | 3 | 0 | 0 | 8:0 | 9 | |
2. | შვედეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 8:0 | 6 | |
3. | ესპანეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 7:2 | 6 | |
4. | საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 5:6 | 3 | |
5. | სან მარინო | 4 | 0 | 1 | 3 | 0:9 | 1 | |
6. | ესტონეთი | 4 | 0 | 1 | 3 | 0:11 | 1 |
ვანო ხუციშვილი