ფეხბურთი

17:49 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ...

თავის დროზე მსოფლიოს ჩემპიონი დაგვიმარცხებია (ურუგვაი), მაგრამ აქამდე მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან ასე ღირსეულად ნამდვილად არ გვითამაშია. მართალია საქართველოს ნაკრების მხრიდან ბობოლა გუნდების წინააღმდეგ არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრაც გვახსოვს და ქულებიც აგვირთმევია მათთვის, მაგალითად, იტალიისთვის ან თუნდაც საფრანგეთისთვის, მაგრამ იმის ფონზე რაც ლაიფციგში მოხდა შეუძლებელია იმედით არ აღვივსოთ და მას საქართველოს ნაკრების მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები საუკეთესო თამაში არ ვუწოდოთ.

თამაშამდე კახა ცხადაძემ თქვა, ამ მატჩის ხარისხი ჩემს სანაკრებო დებიუტს (იმავე გერმანიასთან მარტში) უნდა შევადაროო, ხოლო შეხვედრის შემდეგ დასძინა, ეს საუკეთესო თამაში იყო რაც მე ნაკრებს ვწრთნიო. ძნელია არ დავეთანხმოთ “ჯვაროსანთა” თავკაცს.

ნათქვამია ახალი ცოცხი კარგად გვისო და ბევრს თავიდან საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხის გაუმჯობესება ამ გამონათქვამთან შეედარებინა, მაგრამ მოდით ვაღიაროთ და ცხადაძე ნაკრების ახალი მწვრთნელი ნამდვილად აღარაა. ასე რომ იყოს, ფაქტი ხო მაინც ჯიუტია? – საქართველო ცდილობს ფეხბურთი ითამაშოს და თამაშს გასახდელიშივე, მოედანზე გაუსვლელად აღარ აგებს.

თქვენი არ ვიცი და მე სიამაყით აღსავსე ვიყავი, როცა თვით მანუელ ნოიერს არაერთხელ დასჭირდა თავისი მთელი ოსტატობის გამოვლენა, რომ “ბუნდესნაკრები” გაშვებული გოლისგან ეხსნა. საამაყოა, აბა რა არის? გერმანიას მისსავე მოედანზე ჩვენზე ბევრად გამობრძმედილი ნაკრებები ვერ უქმნიან ასეთ მომენტებს. მერე რა, რომ ჩვენს კართანაც საკმაოდ ცხელოდა...

რა არის ცხადაძის პლუსები? – პირველ ყოვლისა ის, რომ გუნდი ცდილობს ბურთის მაქსიმალურად დაჭერას, კომბინაციური ფეხბურთის თამაშსა და შეტევაში ორგანიზებულად სწრაფად გადასვლას, რაც ავტომატურად იწვევს მეტოქის წნეხის ქვეშ ყოფნას. გერმანიასთან შეხვედრაში ისიც კარგად გამოჩნდა, რომ კონტრშეტევაზე თამაშიც შეგვიძლია. სწორედ ასეთ იერიშს მოჰყვა ნიკა კვეკვესკირის გასროლა, რომელსაც კუთხური, მას კი გოლი.

პლუსად უნდა ჩავთვალოთ ისიც, რომ გამუდმებით ძიებაშია სხვადასხვა პოზიციაზე ახალი ფეხბურთელების და ასე რომ ვთქვათ, ამოჩემებულიც არავინ ჰყავს. გახსოვთ ცხადაძის პირველი სანაკრებო სია? – კახა მახარაძეს შანსი მისცა, გერმანიასთან სასტარტოშიც დააყენა, თუმცა ნახევარმცველმა ვერ გაუმართლა და ცხადაძემაც ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყო. მოძებნა კიდეც, შოტლანდიასთან მოგებულ მატჩში ჯანო ანანიძე სწორედ ამ პოზიციაზე ირჯებოდა და დავალებას თავი გადასარევადაც გაართვა. ახლა ჯანოც ტრავმის გამო გამოაკლდა და ნიკა კვეკვესკირს ენდო. ბაქოს “ინტერის” ახალგაზრდა შუახაზელმა გიბრალტართან ხომ კარგად ითამაშა, მაგრამ გერმანულ მანქანასთან არანაკლებ უკეთ გაისარჯა. ასეთი მაგალითების მოყვანა სხვა პოზიციებზეც შეგვიძლია. აგერ მაგალითად, ოთარ კაკაბაძესაც მისცა შანსი და ალბათ მომავალში უფრო მეტად დატვირთავს. მოკლედ რომ ვთქვათ, კახა ცხადაძე მის ხელთ არსებულ საკადრო შესაძლებლობებს მაქსიმალურად კარგად და რაც მთავარია, ჭკვიანურად იყენებს. ცხადაძის აქტივშივე შეგვიძლია შევიტანოთ, რომ არ აქვს მხოლოდ ერთი ტაქტიკური სქემა და მეტოქის სიძლიერისგან ან თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე შეუძლია სათამაშო მონახაზი შეცვალოს.

კარგია, რომ ნელ-ნელა გუნდის ძირითადი ბირთვი და ის ფეხბურთელებიც იკვეთებიან, ვისზეც მომავალი შესარჩევი ციკლი უნდა აიგოს. იმ შესარჩევი ეტაპის, რომელსაც ასე იმედიანად შევყურებთ, ან რატომ არ უნდა გვქონდეს იმედი? – ჯგუფიც ისეთია ბრძოლა რომ სავსებით შესაძლებელია და ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელი თამაშიც ამის საშუალებას გვაძლევს, ჰოდა, ძალიანაც კარგი!

ისევ გერმანიასთან გუშინდელ თამაშს დავუბრუნდები და ერთ საინტერესო დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: გოლი მეორე ტაიმის სტარტზე გავუშვით მაშინ, როცა ამას ერთი შეხედვით არაფერი მოასწავებდა, უწყინარ სიტუაციაში. ასეთ დროს თვით გერმანიასთან ბევრად ძლიერი გუნდი შეიძლებოდა გამტყდარიყო, მაგრამ “ჯვაროსნებმა” მალევე მშვენიერი შეტევა განახორციელეს და ანგარიშიც გავათანაბრეთ. მერე, იქეთ შევუტიეთ და ორ-სამ ეპიზოდში იოაჰიმ ლიოვის სკამი სერიოზულად შევარყიეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესეც სასიკეთო სიგნალია. ჯამში გერმანიას კარში 5-ჯერ, ხოლო კარის მიმართულებით 8-ჯერ დავურტყით. სულაც არ ვფიქრობ, რომ ურიგო შედეგია თანაც ამ 8 დარტყმიდან ერთი გავიტანეთ მინიმუმ 4 კი 100%-იანი საგოლე შანსი გახლდათ...

რა თქმა უნდა, ნაკრების თამაშში არის ხარვეზები და პრობლემატური პოზიციები, მაგრამ სწორად მუშაობის შემთხვევაში ეს ყოველივე აბსოლუტურად აღმოფხვრადია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნაკრების სამწვრთნელო შტაბიცა და თვითონ ფეხბურთელები მონდომებულნი ჩანან.

მომავალი წლის სექტემბრამდე 11 თვეა დარჩენილი და აღნიშნულ დროში ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება და იმ ნიუანსების გაუმჯობესებაც რაშიც ახლაც არ გამოვიყურებით ურიგოდ. უბრალოდ, მთავარია ამხანაგური თამაშები სწორად იქნეს შერჩეული. შერჩევაში მეტოქეების დონეს ვგულისხმობ, თორემ მაგალითები ბევრი გვქონია, როცა სპარინგი გვითამაშია, მაგრამ ჯობდა არ გვეთამაშა... ეს ბოლო დეტალი კი უკვე სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობის მოსაგვარებელია.

ახლა მდგომარეობა ასეთია: ფიფას რეიტინგში ისეთ ადგილზე ვართ ბევრი ალმაცერადაც აღარ გვიყურებს, მაგრამ აღნიშნულ რეიტინგს რომ არ დაეჯერება ძველი ამბავია, თან ერთმნიშვნელოვნად. სამაგიეროდ, ცხადაძის გუნდის ბოლოდროინდელი თამაშიდან გამომდინარე სულაც აღარ ვჩანვართ ისე მაჩანჩალა გუნდი, როგორც ეს ფიფას რეიტინგს მიაჩნია... აქამდე, გაუთავებლად გაიგონებდით გამოთქმას: საქართველოში ფეხბურთი მოკვდა ანაც ავკრძალოთ სპორტის ეს სახეობა და სხვებს მივხედოთ და ვუგულშემატკივროთ, გუშინ კი კარგად გამოჩნდა, რომ ფეხბურთი გასაუქმებელი ნამდვილად არაა, უბრალოდ, სწორი მიდგომა და მუშაობაა საჭირო.

ჰო, რატომ არ უნდა გვქონდეს იმედი 2018 წელს რუსეთში გასამართ მუნდიალზე გასვლისა? – აგერ ბატონო, ისლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და ალბანეთმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხეს. მე კი ვერავინ დამაჯერებს, რომ აღნიშნული ქვეყნების ნაკრებები ან თუნდაც შიდა ეროვნული ჩემპიონატები ჩვენზე დიდად მაღლა იდგნენ...

დაველოდოთ სექტემბერს, იმედი გაჩნდა, საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის თამაში ყველას წინააღმდეგ დაიწყო...

0.11322