პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ირლანდიასთან (2:1) მატჩში გატანილი გოლით ევრო 2016-ის შესარჩევ ტურნირში 13 გოლი დააგროვა და ერთ ევროშესარჩევ ციკლში გატანილი ბურთებით აქამდე ერთპიროვნული რეკორდსმენის ჩრდილოირლანდიელი დევიდ ჰილის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც ამდენივეჯერ მეტოქეები ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევში დაამწუხრა.
27 წლის პოლონელმა ეროვნული გუნდისა და მიუნხენის “ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ ბოლო ექვს შეხვედრაში 15 გოლი მიითვალა. ეს ფენომენალური სერია კი 22 სექტემბერს, “ვოლფსბურგთან” ბუნდესლიგის მატჩში 9 წუთში გატანილი 5 გოლით დაიწყო. მთლიანად, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 ოფიციალურ მატჩში ლევანდკოვსკის ანგარიშზე 22 გოლი ირიცხება.
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა როგორც ერთი ევროშესარჩევის, ასევე მთლიანად შესარჩევი ტურნირების ბომბარდირთა სია გამოქვეყნა და სასიამოვნოა, რომ საუკეთესოთა შორის შოთა არველაძეცაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეს (61 მატჩი, 26 გოლი), ევროპირველობის შესარჩევ ტურნირებში 17 გოლი გაუტანია და ამ მაჩვენებლით დავორ შუკერთან ერთად მეშვიდეა. ლიდერი კი ირლანდიელი რობი კინია 23 გოლით.
ევროპის ჩემპიონატის ერთი შესარჩევი ციკლის ბომბარდირები:
13 გოლი – რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ევრო 2016-ის შესარჩევი)
13 - დევიდ ჰილი (ჩრდილოეთ ირლანდია, 2008)
12 – დავორ შუკერი (ხორვატია, 1996)
12 – კლას იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია, 2012)
11 – რაული (ესპანეთი, 2000)
11 – ტონი პოლსტერი (ავსტრია, 1996)
11 – ოლე მადსენი (დანია, 1964)
10 – ედუარდო (ხორვატია, 2008)
10 – ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი, 1996)
10 – დარკო პანჩევი (მაკედონია, 1992)
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევების ბომბარდირები (ფლეი ოფის მატჩების ჩათვლით)
23 გოლი – რობი კინი (ირლანდია)
20 – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)
20 – ჰაკან შუქური (თურქეთი)
19 – იონ დალ ტომასონი (დანია)
18 – იან კოლერი (ჩეხეთი)
18 – რაული (ესპანეთი)
17 – შოთა არველაძე (საქართველო)
17 – დავორ შუკერი (ხორვატია)