საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი გერმანიასთან მარცხით დაასრულა. თუმცა, წაგებასაც ხომ გააჩნია? – ვეჭვობ ქართველი გულშემატკივარი ნაკრების თამაშით ასეთი კმაყოფილი არათუ წაგებული მატჩის მერე, არამედ მოგებულის შემდგომაც არ ყოფილა.
კახა ცხადაძემ “ჯვაროსნებს” ხელი რომ დაატყო, აქამდეც იწერებოდა თუ ითქმებოდა, მაგრამ ლაიფციგის “რედ ბულ არენაზე” ეს კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა.
კარგი იქნება თუ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან დაპირისპირებულ ფეხბურთელთა თამაშს უფრო კონკრეტულად გავარჩევთ. მაშ ასე, მივყვეთ.
ნუკრი რევიშვილი 9 – ნუკრი სტაბილურობით ნამდვილად გამოირჩევა. როდესაც მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს თავისუფლად შეიძლება ენდო. “მორდოვიაში” ბოლო სამი მატჩია მას არ ათამაშებენ, რადგან ცსკასთან გაშვებული 6 გოლი ვერ უპატიებიათ. თუმცა აღნიშნული ქართველ კიპერს არ დასტყობია. პირველ ტაიმში 10 სეივი ჰქონდა, თამაშში კი 17(!). თანაც, სეივებსაც ხომ გააჩნია? – 90 წუთის განმავლობაში რევიშვილი დამაჯერებლად მოქმედებდა, რაც თავის თანაგუნდლებზეც გადადიოდა. გაშვებულ გოლებში კი ვერ დავადანაშაულებთ: მიულერმა პენალტი გაუტანა, კრუსეს ეპიზოდში კი მცველები შეცდნენ. ისე, კარგი იქნებოდა თუ ამ მატჩს “მორდოვიას” სამწვრთნელო შტაბი ყურადღებით მიადევნდებდა თვალს, ანაც ჩანაწერს ნახავს...
უჩა ლობჟანიძე 5.5 – ლობჟანიძესგან ახალი არაფერი გვინახავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ნაკრებში ერთ-ერთი სუსტი წერტილია. შეტევაში მისგან კვლავაც ვერაფერი ვიხილეთ და მაინცდამაინც ვერც დაცვაში ყოჩაღობდა. ერთი კი იყო: მე-60 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის მომენტის დროს გამჭოლი გადაცემა სწორედ მან გააკეთა. უჩამ 28 პასი გააკეთა, საიდანაც ზუსტი მხოლოდ 18 გამოდგა.
სოლომონ კვირკველია 6.5 – ჩვენი ნაკრების დაცვის ხაზის ლიდერს ცუდი თამაში არ ჩაუტარებია, თუმცა უკეთესსაც დაგვაჩვია. წინ წასვლა მისი სამქე არაა, მაგრამ რამდენჯერმე თითქოს შებოჭილი მოქმედებდა. შესრულებული 21 პასიდან 19 ზუსტი იყო.
ალექსანდრე ამისულაშვილი 7 – მაქს კრუსეს გოლის გატანაში ხელი ვერ შეუშალა, თუმცა ამ ეპიზოდში მასზე უფრო საყრდენი ნახევარმცველები შეცდნენ. მთლიანობაში გამოცდილმა მცველმა მორიგი დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა და მასზე აუგი ნაკლებად გვეთქმის.
გურამ კაშია 6.5 – კაშიამ რამდენიმე ეპიზოდში ბურთზე თამაში დააგვიანა და შეიძლებოდა თამაშის წესები უხეშად დაერღვია რაც გაფრთხილებად მაინც დაუჯდებოდა. ისე კი, მესუტ იოზილსა და ტომას მიულერს დიდად თავისუფლება არ მიანიჭა. გადაცემების სიზუსტეში კი აშკარად მოიკოჭლებდა. თავად განსაჯეთ, გაკეთებული 25 პასიდან ადრესატამდე მხოლოდ 15 მივიდა.
გიორგი ნავალოვსკი 6.5 – ნავალოვსკი მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის ბოლომდე იბრძოდა. ამას შეგვაჩვია კიდეც. წინ წასვლას თამაშის სცენარიდან გამომდინარე ნაკლებად ბედავდა, თუმცა ერთ ეპიზოდში შეტევაში კარგად ჩაერთო და ფლანგიდან ვაწაძეს კარგად უპასა, უბრალოდ ფორვარდმა ოდნავ დააგვიანა. რაც გამოსარჩევია, პასებიც ბლომად არიგა: 33-დან 28 ზუსტი აღმოჩნდა.
ჯაბა კანკავა 8.5 – გლადიატორი! ასეთი მებრძოლი კიდევ ორი მაინც რომ გვყავდეს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა... ჯაბა დღესდღეობით ჩვენი ნაკრების მთავარი სახეა. მართალია პენალტი მან აიკიდა, როცა იოზილის ფინტს წამოეგო, მაგრამ დანაშაული სამ წუთში გამოისყიდა და ისეთი გოლი გაიტანა, შეუძლია მომავალში შვილიშვილებსაც კი მოუყვეს. თამაშის წესი სამჯერ დაარღვია, ხოლო მასზე ერთხელ დაჯარიმდნენ. პასებიც სიზუსტით არიგა: 30 მცდელობიდან 28 ზუსტი გამოდგა.
ნიკა კვეკვესკირი 7.5 – ნიკა ნაკრებში სულ რაღაც მეორე თამაშს ატარებდა. გიბრალტართან ჩინებულად გაისარჯა და დიდებული საგოლე პასიც შეასრულა, მაგრამ მაშინვე გაჩნდა კითხვა, რამდენად ხელეწიფებოდა მაღალი დონის გუნდებთან იგივე დონეზე თამაში? – ცხადაძემ ამაზე გადაჭრით ვერ გასცა პასუხი, მაგრამ დასძინა ნიჭი აქვს და მომავალში ვნახოთო... ჰოდა, აგერ თვით გერმანიასთანაც გამოსცადა და ძნელია მის თამაშში წუნი ვიპოვოთ. გოლიც მის ჩინებულ თამაშს მოჰყვა: შორიდან ისე მოხდენილად დაარტყა ნოიერი გვარიანად ანერვიულა, თუმცა კუთხურზე მაინც მოიგერია და სწორედ ამ სტანდარტს მოვაყოლეთ კანკავას გოლი. თამაშის ბოლოს იგი შეცვალეს და ცოტა ხანში გავუშვით კიდეც. 28-დან 23 გადაცემა ზუსტად გააკეთა.
თორნიკე ოქრიაშვილი 7 – თორნიკეს მთავარი ნაკლი ალბათ, ფიზიკური მომზადებაა, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია. ოქრიაშვილმა გამოცდილი გერმანელი მცველები ხშირად გააბითურა და ზუსტი პასებიც ბლომად არიგა. გარდა ამისა, ჯერ ანგარიშის გახსნა შეეძლო, მერე ფაქტობრივად დაგვაწინაურა... თუმცა ნოიერს ვეღარ გადაახტა. მთლიანობაში თითქმის სათამაშო პრაქტიკის არმქონე ოქრიაშვილმა მაღალი დონის თამაში აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი პოტენციალი გააჩნია.
ვალერი ყაზაიშვილი 8.5 – ვაკოს თავისუფლად შეუძლია ტოპ ლიგაში თამაში. ამაში მან არამარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო დაარწმუნა. მარტო ის რად ღირს, რომ მის წინააღმდეგ თამაში გერმანელ მცველებს არათუ ერთი-ერთზე, არამედ ჯგუფურად უჭირდათ და უმეტეს შემთხვევებში ყაზაიშვილი მათ მოტყუებას ადვილად და თან ლამაზად ახერხებდა. ორჯერ კარისკენაც დაარტყა. თუ პირველი მეტისმეტად არაზუსტი იყო, მეორე რეალური საგოლე მომენტი გამოდგა და სხვათა შორის, მის მიერ ორი მცველის მოტყუებას მოჰყვა. პირველ ტაიმში ოქრიაშვილსაც თითქმის საგოლედ უპასა. ცოტა გავკადნიერდეთ და ვთქვათ: ყაზაიშვილმა ამ თამაშით თავისი სატრანსფერო ღირებულება აიწია, მატს ჰუმელსის კი დააგდო...
ნიკოლოზ გელაშვილი 5 – ცხადაძემ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მათე ვაწაძეს გელაშვილი ამჯობინა. ნიკას საუკეთესო წლები წომ არ უდგას ფაქტია. იმ დროში რაც მან ითამაშა ბევრს მოძრაობდა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი მაინც ძალიან დაბალი ჰქონდა. რთული სათქმელია, ენდობა თუ არა მას მთავარ მწვრთნელი სამომავლოდ.
მათე ვაწაძე 6 – ვაწაძემ 46-ე წუთიდან ითამაშა. ერთ ეპიზოდში ცოტა დააკლდა, თორემ ნავალოვსკის გადაცემა იქნებ გოლითაც დაეგვირგინებინა. მერე შორიდან კარშიც დაარტყა, მაგრამ სუსტად და ნოიერს აღება არ გასჭირვებია.
ზურაბ ხიზანიშვილი შ.გ – გამოცდილ ქართველ ფეხბურთელს ცხადაძე მხოლოდ 13 წუთი ენდო. რთულია ამ დროში შევაფასოთ “ხიზანას” თამაში. თუმცა ფაქტია, რომ მისი მოედანზე გამოსვლა და გაშვებული გოლი ჩვენს კარში ერთი იყო. იმ ეპიზოდში კი ზონის გადაკეტვა სწორედ მას მოეთხოვებოდა.
სანდრო კობახიძე შ.გ – კობახიძე მოედანზე 90-ე წუთზე გამოჩნდა და მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებული 3 წუთი ითამაშა.
კახა ცხადაძე 8 – ცხადაძის ხელში ნაკრები უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. ამაში თამაშიდან თამაშამდე ვრწმუნდებით. ყოველშემთხვევაში გაცილებით მეტია ჩვენების მხრიდან ბურთზე კონტროლი, ბურთის შენარჩუნების სურვილი და გააზრებული კომბინაციები. კახა მთელი თამაშის განმავლობაში არ დამჯდარა და თავის შეგირდებს დავალებებს გამუდმებით აძლევდა. კარგი იქნება თუ მისი თავკაცობით ერთ ადგილზე არ გავჩერდებით და გუნდი უკეთესად ათამაშებასაც მოახერხებს.