3-10 ოქტომბერს კლაიპედაში (ლიტვა) გამართულ 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. გუნდმა ტურნირი 14 მედლით (1 ოქრო, 7 ვერცხლი და 6 ბრინჯაო) დაასრულა და ქართული ძალოსნობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
23 წლამდელებში რამინ შამილიშვილმა ატაცში 120 კილოგრამით პირველი ადგილი აიღო და შესაბამისად, ოქროს მედალი მოიპოვა. მანვე, ორჭიდში დაიკავა მეორე ადგილი (262) და მესამეზე გავიდა აკვრაში (142).
გიორგი ლომთაძემ (23 წლამდელებში) ატაცში ვერცხლის (147) და აკვრაში (175) ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ორჭიდში ლომთაძე (322) ასევე მესამე ადგილზე გავიდა.
20 წლამდელებში, აკვრაში მესამე ადგილზე გავიდა 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე -161 კილოგრამით.
ირაკლი გაბრიჭიძემ (20 წლამდელები, 77 კილოგრამი) ატაცში 145 კილოგრამი აიღო და მეორე ადგილზე გავიდა.
წარმატებით დასრულდა ლონგინოზ ბრეგვაძის გამოსვლა. გარდა ატაცში მოპოვებული ვერცხლისა (157 კგ), მან აკვრაში 192 კგ-ით მეორე ვერცხლიც მოიპოვა და საერთო ჯამში (ორჭიდში) 349 კგ-ით ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა.
გიორგი ჩხეიძემ 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 20 წლამდე იუნორთა შორის იასპარეზა. ატაცში, 164 კგ პირველ მოძრაობაში ასწია და მოიპოვა ვერცხლის მედალი. აკვრაში აჩვენა 201კგ და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაიკავა მეორე ადგილი, ჯამური 365 კილოგრამით.
გოგონებში, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა თათია ლორთქიფანიძე, რომელმაც ატაცში 79 და აკვრაში 97 კილოგრამი დასძლია და საბოლოოდ, ორჭიდში 176 კილოგრამით მეხუთე ადგილი დაიკავა.
ქართველ ძალოსნებს წინ მთავარი ტურნირი ელით, სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ჰიუსტონში გაიმართება. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები სულ მცირე, სამ ლიცენზიას გეგმავს.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური