პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ შოტლანდიასთან მატჩში (2:2) შესრულებული დუბლით ევრო 2016-ის შესარჩევ ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობა 12-მდე გაზარდა და რეკორდს მიუახლოვდა.
საკვალიფიკაციო ტურნირში იგივე შედეგი აქამდე ლეგენდარულ ხორვატ თავდამსხმელს დავორ შუკერს და ჰოლანდიის ნაკრების შემტევს კლას იან ჰუნტელაარს უჩვენებიათ. შესარჩევ მატჩებში გატანილი გოლებით რეკორდსმენი ჩრდილოირლანდიელი დევიდ ჰილია, რომელმაც ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოში 13 გოლი მიითვალა.
ლევანდოვსკის შანსი აქვს ჰილის რეკორდი გაიმეოროს ან გააუმჯობესოს კიდეც, თუკი 11 ოქტომბერს ირლანდიასთან დასკვნით მატჩში თავის გამოჩენას შეძლებს. შესანიშნავ ფორმაში მყოფ 27 წლის პოლონელს მიმდინარე შესარჩევში მეტოქეთაგან სწორედ ირლანდიის ნაკრების კარი არ აუღია. 12-დან 6 გოლი გიბრალტარს გაუტანა, 3 საქართველოს, 2 შოტლანდიას, 1 კი გერმანიას.