პირველი სახიფათო ეპიზოდი ქართველ ფეხბურთელებს მე-4 წუთზე შეექმნათ, ვაკო ყაზაიშვილის შორეული დარტყმული პერესმა მოიგერია. მალევე ვაკოს მეორე შანსი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად ახლო მანძილიდან უმტყუნა მიზანმა.
მე-13 წუთზე “ჯვაროსნებმა” კიდევ უფრო რეალური მომენტი შექმნეს, მათე ვაწაძის თავური პერესმა უკუაგდო, ხოლო დამატებაზე კვეკვესკირის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა, რომლის ჩაწოდების შემდეგაც კვლავ ხიფათი შეიქმნა – სტუმართა მეკარემ შეცდომა დაუშვა და ალექსანდრე კობახიძეს გატანა შეეძლო, მაგრამ ზემოდან გადააცილა კარს.
მე-18 წუთზე მორიგი შანსი ჰქონდა მათე ვაწაძეს, მაგრამ ჯორდან პერესს ვერც ამჯერად აჯობა. სამ წუთში “ორჰუსის” ფორვარდმა კიდევ ერთხელ გაიხედა გიბრალტარის კარისკენ, მაგრამ ამჯერად ააცილა.
28-ე წუთზე მეტოქის კარს თორნიკე ოქრიაშვილი დაემუქრა, მაგრამ მის შორეულ დარტყმას სიზუსტე დააკლდა და ნაკლებად გახდათ სახიფათო.
ქართველთა მორიგი შეტევა კი, როგორც იქნა შედეგიანი გამოდგა – თორნიკე ოქრიაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, მათე ვაწაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ამჯერად შანსი აღარ გაუშვა ხელიდან – 1:0.
ქართველებმა მეტოქეზე ზეწოლა განაგრძეს და 35-ე წუთზე სხვაობის გაზრდა მოახერხეს. ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ, ჯოზეფ კასციაროს ხელში მოხვდა ბურთი და შეხვედრის მთვარმა მსაჯმა სერჰი ბოიკომ პერესის კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა უნაკლოდ.
სტუმრებმა პირველად 39-ე წუთზე შემოგვიტიეს. უოლკერი შორი მანძილიდან ცდილობდა გატანას, თუმცა რევიშვილმა კარგად ითამაშა და ბურთი მოიგერია.
44-ე წუთზე კვეკვესკირი შორიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ მეკარემ აჯობა და კუთხური დაინიშნა, რომელსაც მესამე გოლი მოჰყვა. ალექსანდრე კობახიძის ჩაწოდებულს მათე ვაწაძის ზუსტი თავური მოჰყვა – 3:0.