ფეხბურთი

15:19 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

”ტორპედოში” ალექსანდრ შტელინი ბრუნდება

12-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის ”ტორპედოს” ისევ უკრაინელი სპეციალისტი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის. მას შემდეგ, რაც გიორგი დარასელიასთან კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, აქტიურად დაიწყო მოლაპარაკება 62 წლის შტელინთან, რომელსაც გუნდში უკვე ამ დღეებში ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ შტელინმა ”ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი პირველად ქუთაისური გუნდის ზედიზედ 3 ”ოქროს” სეზონის შემდეგ, 2002 წლის ზაფხულში ჩაიბარა. გუნდმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხ მატჩთან ერთად, მისი ხელმძღვანელობით XIV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული ნაწილი (22 ტური) და 6-გუნდიანი საჩემპიონო პლეი-ოფის 7 ტური ითამაშა. შტელინმა საქართველო ”ტორპედოში” შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, 2003 წლის მაისის შუა რიცხვებში დატოვა, ხოლო გუნდს ”ვერცხლის” სეზონის ბოლო 3 მატჩში სოსო ფრუიძემ უთავკაცა.

სხვათა შორის, ნახსენებ სეზონში რიონისპირელთა შემადგენლობაში მოთამაშეთაგან, ორმაგი მოქალაქეობის (უკრაინა-ბელგია) მქონე შტელინს ”ტორპედოს” მთავარ გუნდში მიხეილ მახვილაძე (მწვრთნელი), შოთა ბაბუნაშვილი და გიორგი ნერგაძე დახვდებიან.

ალექსანდრ შტელინის საფეხბურთო კარიერა მთავარი მწვრთნელის რანგში ტუნისურ ”მონასტირში” (1991-1992) დაიწყო. შემდეგ იყო: ტუნისური ”ეტუალ დიუ საჰელი” (1992), მოლდოვური ”ტილიგული” (1995-1996), კიევის ცსკა (1997-1998), ზაპოროჟიეს ”მეტალურგი” (1998-1999), ქუთაისის ”ტორპედო” (2002-2003) და ბელგიის მე-3 დივიზიონის კლუბები - ”მონტენიე” (2004-2005), ”ბას-ოჰა” (2005-2008), ”სერეზიენი” (2008-2009), ”სინე” (2011-2012).

იგი ფიზმომზადების საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტია (1991 წლამდე, ამ სფეროში კიევის ”დინამოს” ცნობილი თავკაცის ვალერი ლობანოვსკის თანაშემწე იყო), მუშაობდა სელექციონერად ლიეჟის ”სტანდარდში”, ბოლოს კი ზაპოროჟიეს ”მეტალურგის” მთავარი სელექციონერი გახლდათ.

www.fctorpedo.ge

0.111496