რაგბი

16:10 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაგვჩაგრა, მაგრამ ვერ წაგვაქცია

ჯორჯ ქლენზი - ეს პიროვნება გუშინ ღამით ყველაზე პოპულარული იყო საქართველოს მასშტაბით. ირლანდიელ რეფერის თითქოს დავალებული ჰქონდა, რომ “ბორჯღალოსნებს” ყველა შესაძლებლობით წინ აღდგომოდა და ნამიბიასთან მათი გამარჯვება არ დაეშვა, მაგრამ მატჩის მიწურულს ნამიბიელთა სასარგებლოდ კიდევ ერთი ჯარიმა რომ არ გამოიგონა, მთელმა ერმა შვებით ამოისუნთქა.

17:16 და მხოლოდ მინიმალური გამარჯვება ნამიბიასთან. ეს ანგარიში არანაირად არ შეეფერება იმ უპირატესობას, რასაც საქართველოს ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასის დასკვნით მატჩში აფრიკელ მეტოქესთან ფლობდა, მაგრამ რეფერის უმსგავსო საქციელმა, ქართველ მორაგბეთა ზედმეტმა ნერვიულობამ და დაშვებულმა შეცდომებმა, მეტის საშუალება არ მოგვცა.

დაძაბულობა და ტექნიკური წუნი რომ იქნებოდა, ეს თავიდანვე იყო ცნობილი. მიზეზი მარტივია - “ბორჯღალოსნები” ამ თამაშში ფავორიტები იყვნენ და მათ უცილობლად უნდა მოეგოთ. ამ ფავორიტის სტატუსიდან გამომდინარე, ქართველებს წინა მატჩებთან შედარებით მეტი უნდა შეეტიათ, ბურთით თამაში კი, შეცდომების ალბათობას ზრდიდა. იყო სხვა შეცდომებიც: არასწორი ტაქტიკური გადაწყვეტილებები, მეტოქეზე არეულ თამაშში და ფეხით გადაკიდებებში აყოლა, რეფერის ქმედებებმა კი, ნერვიულობა კიდევ უფრო გაზარდა და შეცდომებიც დასაშვებზე მეტი გამოჩნდა.

ქლენზი განსაკუთრებულად პირველ ტაიმში მოგვდგა, მეორე ტაიმში კი, შედარებით ობიექტურად იმსაჯა. მან ან საყვედური მიიღო, ასე აშკარად არ შეიძლებაო, ან ჩათვალა, რომ საქმის დიდი წილი შესრულებული იყო. ჯორჯმა ვერ დაინახა უამრავი ჯარიმა, მას და ტელე-რეფს (!) მოეჩვენათ, რომ ლაშა მალაღურაძეს ბურთი წინ გადაუვარდა, არადა, ის აშკარად ბურთზე წინაა და ტაიმის მიწურულს არ ჩათვალა საჯარიმო ლელო, არადა, ეს ყველა წესით და კანონით უნდა გაეკეთრბინა.

აქ შესაძლოა ვინმემ იდაოს, მაშინ მეტოქეს სამი კაცი 10-10 წუთით რათ გაუსინბინაო, მაგრამ არის ზღვარი, რომლის იქითაც გადასვლა უბრალოდ წარმოუდგენელია და მეორე სინბინზეც, მეტოქის დასჯას ჯობდა სამართლიანად დაენიშნა საჯარიმო ლელო და “ბორჯღალოსნებისვის” არ წაერთმია შერკინების უპირატესობა, რაც რამდენიმე წუთით მიწოლის აკრძალვით მოხდა და ტაიმის მიწურულს ქართველთა მონდომება ლოგიკური ლელოთი ამის გამო ვერ დასრულდა. სულ ბოლოს ქლენზის “დაავიწყდა” ჯარიმის უპირატესობა და მალაღურაძის არეკნის შემდეგ, რომლის შესრულებაც მან სწორედ ამ უპირატესობიდან გამომდინარე გადაწყვიტა და ნამიბიელებს ბოლო იმედად საკუთარი 22-იდან ხელდახელ კონტრშეტევის შანსი დაუტოვა, მაგრამ რეფერის ქმედებამ აფრიკელებიც დააბნია და საფინალო სასტვენმა საქართველოს ნაკრები მიზანს დაუახლოვა.

“ბორჯღალოსნებმა” დაგეგმილი ორი თამაში მოიგეს, რისი მსგავსიც აქამდე არცერთ მსოფლიო თასზე არ მომხდარა, ჯგუფში მესამე ადგილამდე აღზევდნენ და 2019 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. დიახ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, რადგან ტონგას თეორიულად ქართველთა გადასწრების შანსი რჩებათ, მაგრამ ეს შანსი მიზერულია, რადგან “ოლ ბლექსის” დამარცხება სასწაულის ფარგლებშიც არ ჯდება.

მაგრამ, როცა ქლენზის შეცდომებზე ვსაუბრობთ, უნდა გაგვახსენდეს, რომ ორი კუნძულელი - ფიჯი და სამოა, უკვე დარჩნენ იაპონიის პირდაპირი საგზურის გარეშე და ქართველთა გამარჯვების შემდეგ, დიდი ალბათობით ამავე ბედს ტონგაც გაიზიარებს. ასეთ შემთხვევაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე ერთ-ერთ მათგანს მთავარი სარაგბო ტურნირის გარეშე დარჩენა ემუქრება, რადგან ოკეანეთის ზონიდან დღევანდელი სისტემით მსოფლიო თასზე შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული გადის, ხოლო მეორე რეპეშაჟში ერთვება. უდავოა, რომ სამოას, ფიჯის, ან ტონგას გარეშე, მსოფლიო თასი რაღაცას დაკარგავს, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია და “მსოფლიო რაგბის” გეგმების თავდაყირა დაყენებას ეგებ ერჩია, საქართველო მესამე ადგილზე არ გასულიყო, მაგრამ ახლა ამის “მიღწევა” უკვე ძალიან რთული იქნება.

თამაში რთული გამოდგა და სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ტერიტორიული უპირატესობა პროცენტული მაჩვენებლებით 69.31-ზე, ხოლო ბურთის ფლობისა 65/35-ზე იყო, ესეც ნამიბიელებმა დასკვნითი 15 წუთის ხარჯზე გამოასწორეს. “ბორჯღალოსნებმა” ბურთით ჯამში 554 მეტრი გაიარეს, მეტოქემ ორჯერ ნაკლები - 278. ინდივიდუალურად, მერაბ კვირიკაშვილმა 94 მეტრი მოიგო, ალექსანდრე თოდუამ 84, მერაბ შარიქაძემ 66, ხოლო თამაზ მჭედლიძემ 64. ნამიბიელთა ხაზი ქართველებმა სუფთად 11-ჯერ გაჭრეს (4 კვირიკაშვილი, 3 შარიქაძე, მალაღურაძე და მჭედლიძე 2-2), მეტოქემ მხოლოდ 2-ჯერ. 2-2 ოფლოუდია მამუკა გორგოძის, ლაშა ლომიძისა და თამაზ მჭედლიძის ანგარიშზე. “ბორჯღალოსნებმა” უპირატესობის ხაზი 52-ჯერ გადალახეს - 2,5-ჯერ მეტჯერ ვიდრე ნამიბიამ (20). ყველაზე მეტჯერ - 8-ჯერ ეს შარიქაძემ მოახერხა, 6-ჯერ გორგოძემ, 5-5-ჯერ კი გიორგი თხილაიშვილმა და დავით ზირაქაშვილმა.

თხილაიშვილს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლ მორაგბეს, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს, ქართველთაგან ყველაზე მეტი, 12 ბოჭვა ეკუთვნის. ორჯერ გაახერხა თერნოვერი დავით კაჭარავამ. დაუმატეთ ამას შერკინებასა და მოლში უდიდესი უპირატესობა და ყველაფერი ცხადი გახდება. “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე მოლით ორჯერ ატარეს 30-30 მეტრი და დაცვის მოლშიც ბრწყინვალედ გაისარჯნენ - მეტოქემ, რომელმაც ამ ხერხით ერთი ლელო ახალ ზელანდიას და ორი ტონგას გაუტანა, ქართველებთან ნახევარი მეტრიც ვერ გაიარა.

ყველაფერ ამის ფონზე, წესით გამარჯვება ბევრად სოლიდური უნდა ყოფილიყო და ალბათ, “ბორჯღალოსნები” მატჩამდე პრემიალური ქულის აღებასაც გეგმავდნენ და ჯარიმები კარში ამის გამო არ ურტყეს, მაგრამ დაშვებულმა შეცდომებმა, ძირითადად ბურთის წინ ვარდნამ, მეტოქესთან ფეხით თამაშში დაშვებულმა შეცდომებმა და რაღა თქმა უნდა რეფერის ფაქტორმა, ამ უპირატესობის ქულებში ასახვის საშუალება არ მოგვცა.

თამაშის დაწყებამდე მოედანზე პირველი დავით ზირაქაშვილი გავიდა და ეროვნულ გუნდს ოფიციალურად დაემშვიდობა - მან “ბორჯღალოსნების” კვართი 53 შეხვედრაში მოირგო, გულშემატკივარს უამრავი ლამაზი მომენტი და ლელო აჩუქა და თავიც ძლიერ შეაყვარა!

თამაშში ბურთი ნამიბიამ შეიყვანა და არაფრისგან 3-ქულიანი ფორა მიიღო - კოტე მიქაუტაძემ მისი შემაგრება ვერ მოახერხა, ის წინ მდგომ გიორგი თხილაიშვილს შეეხო და თიენის კოცემ იოლი 3 ქულა აიღო. ქართველებს დაძაბულობა ეტყობოდათ და მცირედი შეცდომების ხარჯზე ნამიბია ქართველთა ნახევარზე დარჩა, მაგრამ არეკნი მიზანს მაგრად ასცდა. ამასობაში ქართველები აბურთავდნენ, უკანა ხაზი აამოქმედეს და აფრიკელთა კაპიტანმა, წამყვანმა მორაგბე ჟაკ ბერგერმა მერაბ შარიქაძე კი შებოჭა, მაგრამ დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა.

მე-10 წუთზე რეფერიმპირველი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ქართველები მეტოქეს ჯამში ჯობდნენ, მოლს კარგად უჩერებდნენ, შერკინებაში მძლავრობდნენ, ბურთის გატანა რომ გაუჭირდათ ლაშა მალაღურაძემ ტინუს დიუ პლესს ბურთი ხელიდან ამოუგდო, იერიში გიორგი ნემსაძემ და მამუკა გორგოძემ გააგრძეკლეს და ლელოში სანდრო თოდუა შეიჭრა, მაგრამ ტელე-რეფმა ყველანი დაგვაბრმავა და მალაღურაძეს ბურთი წინ გადაუვარდაო. ქართველთა სათამაშო უპირატესობის ფონზე, მე-17 წუთზე ნამიბიამ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და 6:0.

ამას კვლავ “ბორჯღალოსანთა” იერიშები მოყვა, ირლანდიელმა ნამიბიელებს ბურთში ხელის ჩარტყმა აპატია და ბრალი აქეთ დაგვდო, აგრესიულობთო და დაგვაჯარიმა. 24-ე წუთზე თაზო მჭედლიძის დაწყებული იერიში კარგად გაიშალა და დავით კაჭარავას ლელომდე სულ ცოტა დააკლდა. ნამიბიელები ფეხით ქართველებზე უკეთ თამაშობდნენ და ჩახურვაზეც კარგად ადიოდნენ, რის გამოც ქართველებს საკუთარ ნახევარზე დაბრუნება აიძულეს და მერე ტელე-რეფმა ჯაბა ბრეგვაძის გასინბინება მოითხოვა, ბურთის წამოღებისას მეტოქეს იდაყვი სახეში უთავაზა. მიუხედავად ამისა, 14-მა ქართველმა იქით შეუტია მეტოქეს, ჯარიმაკარში არ დაარტყა და მოლით ლელოში შევიდა - ირლანდიელმა ტელე-რეფი არც მოითხოვა ისე დაასკვნა, ბურთი ვერ დაამიწეთო და მხოლოდ 5-მეტრა შერკინება დანიშნა.

მეტოქე რომ დაჯარიმდა დავით ზირაქაშვილმა ბურთი გაათამაშა და რამნდენიმე დარტყმის შემდეგ ლელოს გაიტანდა, მაგრამ ის ერთბაშად ორმა მეტოქემ ყელში შებოჭა და ბურჯი რაულ ლარსონი სინბინით დაისაჯა. ნამიბია შერკინებაში ქართველებს ვერ უძლებდა, ზედიზედ სამი ჯარიმის შემდეგ, წესით საჯარიმო ლელო ინიშნება, მაგრამ ქლენზის ეს წესი დაავიწყდა და სათადარიგო ბურჯი იოჰანეს კუცია გაასინბინა. შედეგად, შერკინებაში მიწოლა აიკრძალა, “ბორჯღალოსნებმა” ეს უპირატესობა დაკარგეს და გორგოძემ ვიტო კოლელიშვილს ლელო კი გაატანინა, მაგრამ წინპასი შეემთხვა და ტაიმი მე-10 (!) დამატებულ წუთზე დასრულდა .

50-ე წუთზე ლელო მაინც გავიდა. დერეფნიდან წითელ ზოლში რამდენიმე დარტყმის შემდეგ, გორგოძე ვეღარავინ შეაჩერა. მან მსოფლიო თასებზე მესამე, ხოლო ნაკრების კვართით 26-ე ლელო გაიტანა! მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვით საქართველო პირველად დააწინაურა. თანაც, ამჯერად რეფერის მალაღურაძეზე მაღალი ბოჭვაც არ დაავიწყდა და რენალდო ბოთმა გაასინბინა. მალე მეორე ლელოც გავიდა. კარში დასარტყმელი ჯარიმა ისევ აუტში გაიგზავნა, დერეფნის მოგების შემდეგ თხილაიშვილმა კარგად შეუტია და წაქცეულმა მალაღურაძეს ბურთი ამოუგდო, მანაც ხაზი მარტივად გაჭრა და კვირიკაშვილმა გარდასახა. გარისკვად აღარ ღირდა და 65-ე წუთზე კვირიკავილმა უკვე ჯარიმა კარში დაარტყა და კიდევ კარგი, რომ კაპიტანმა (გორგოძემ) ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

დასკვნითი წუთები ნამიბიის იყო, რომელმაც ჯერ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, მერე ქართველები არეულ თამაშში აიყოლია და ფეხით გადაკიდებების შედეგად კოცე ლელოს მიწვდა და რთული პოზიციიდან გარდასახვაც შეასრულა. 17:16 და სათამაშო კიდევ 5 წუთი რჩებოდა, მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” უჯარიმოდ გაძლეს, მერე მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ, მოლით სამაგალითოდ ამ მატჩში მეორედ 30 მეტრი იარეს და რადგან ჯარიმის უპირატესობა ჰქონდათ, მალაღურაძემ არეკნი სცადა. მან ვერ გაიტანა, რეფერის უპირატესობა დაავიწყდა და კიდევ კარგი, რომ ნამიბიელებმა შეტევის წამოწყება ვეღარ შეძლეს.

ასე მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს ქართველებმა და მსოფლიო რაგბის დაფიქრება მოუწევს, რადგან მათმა მოგზავნილმა ჯორჯ ქლენზიმ ქართველებს ნამიბიელებთან ერთად ვერ აჯობა და ახლა “ბორჯღალოსნებისთვის” უფრო ძლიერი ტურნირის მონახვა, ან მოგონება მოუწევს. რა თქმა უნდა, თუ ტონგამ სასწაული არ ჩაიდინა.

მატჩის შემდეგ

მილტონ ჰეიგი: “ჩვენ დღეს ქართული რაგბის ისტორიის შექმნა მოვახერხეთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს 1 ქულით დაამარცხებ ოპონენტს თუ 20-ით. ამჟამად ჯგუფში იმ ადგილზე ვართ, რასაც ველოდით და თუ პოზიცია ხვალ საღამომდე შევინარჩუნეთ, ავტომატურ კვალიფიკაციასაც მოვიპოვებთ, რაც თავის მხრივ უამრავ მორიგ შესაძლებლობას გვპირდება. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ბინძური თამაში იყო, თუმცა მოგება მოვახერხეთ და ამით ვამაყობ”.

შალვა მამუკაშვილი: “საქართველო მსოფლიოში შერკინებითაა ცნობილი, ნამიბიის წინააღმდეგაც სწორედ ამ იარაღს ვიყენებდით, თუმცა ჯარიმები ავიღეთ. ასეთი მატჩები მხოლოდ შედეგზეა ორიენტირებული და არა კარგი რაგბის თამაშზე”.

დავით კაჭარავა: “ჩვენს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მორიგი მსოფლიო თასისთვის უკვე გავლილი გვაქვს საკვალიფიკაციო ეტაპი. ახლა უკვე 2019 წლის მსოფლიოსთვის მომზადებაზე უნდა გადავეწყოთ”.

მიხეილ ნარიაშვილი: “ეს მატჩი ჩვენი საუკეთესო წარმოდგენა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, აღნიშვნის ღირსი მაინც არის და დღეს ექსეტერში აუცილებლად ვიზეიმებთ მიზნის მიღწევას. წინ ბევრი სამუშაო და ახალი მიზნებია”.

მერაბ შარიქაძე: “მართალია უკეთესადაც შეგვეძლო თამაში, მაგრამ მოგება მოგებაა და დღეს ყველანი ბედნიერები ვართ. ყველაფერი კარგია, რაც კარგად სრულდება და გუშინდელი მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა”.

ლევან დათუნაშვილი: “ჩვენთვის ეს მატჩი სხვა მხრივაც ემოციური იყო, რადგანაც დავით ზირაქაშვილი გუშინ მის უკანასკნელ მატჩზე გამოდიოდა. ჩვენ 16 წელია ერთ გუნდში ვთამაშობთ და ემოციების შეკავება ძალიან რთული იყო. რაც შეეხება მატჩს, ეს თამაში ბევრად დიდი სხვაობით დასრულდებოდა, რომ არა ჩვენი დიდი შეცდომები და ბევრი ჯარიმა. არც დერეფნებში ვბრწყინავდით, მაგრამ შერკინება და მოლი მართლაც საუკეთესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ეს ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო, შესაძლოა გადაწყვეტილება შევიცვალო, რადგანაც დღეს სამწვრთნელო შტაბმა გუნდში დარჩენა კიდევ ცოტა ხნით მთხოვა. ალბათ ტესტ-მატჩებზე შევუერთდები საქართველოს ნაკრებს, თუმცა მსოფლიო თასი ნამდვილად ბოლოა”.

დავით ზირაქაშვილი: “ქართულ რაგბის ნამდვილად ყავს ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ბევრი კარგი კანდიდატი, რომლებიც ჩემს ადგილს დაიკავებენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩემთვის სევდის მომგვრელია, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება. ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი, და გადაწყვეტა იოლი არ იყო, მაგრამ რაგბის გარდა არსებობს სხვა ცხოვრებაც, სადაც მყავს ოჯახი, რომელსაც ვჭირდები”.

2015 წლის მსოფლიო თასი

გ ჯგუფი

7 ოქტომბერი

ექსეთერი. “სენდი პარკი”.

საქართველო - ნამიბია 17:16 (0:6) VIDEO

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ბექა წიკლაური 75), 14. თამაზ მჭედლიძე (22. გიორგი აფციაური 43), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 65); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 35), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 57), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (19. ლევან დათუნაშვილი 57), 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი (20. ლაშა ლომიძე 41), 8. მამუკა გორგოძე.

არ შესულა: 18. ანტონ ფეიქრიშვილი.

2 ლელო: გორგოძე, მალაღურაძე

2 გარდასახვა: კვირიკაშვილი

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

1 სინბინი: ბრეგვაძე

ნამიბია: 15. კრეისანდერ ბოთა, 14. დევიდ ფილანდერი, 13. დანი ფან ვეიკი, 12. დარილ დე ლა ჰარპი, 11. რასელ ფან ვეიკი, 10. თიენის კოცე, 9. იუჯინ იანკისი; 1. ჯონი რედლინჰეისი, 2. ტორსტენ ფან იარსფელდი, 3. რაულ ლარსონი, 4. პიჯეი ფან ლილი, 5. ჩიუე უანივი, 6. ჟაკ ბერგერი (კაპ.), 7. ტინუს დიუ პლესი, 8. რენალდო ბოთმა.

სათადარიგოები: 16. ლუი ფდ ვესტჰეიზენი, 17. იაკო ენხელსი, 18. იოჰანეს კუცია, 19. ვიან კონრადი, 20. როან კიცჰოფი; 21. იოჰან ტრომპი, 22. დამიან სთივენსი, 23. ჰაინრიხ სმიტი.

1 ლელო: კოცე

1 გარდასახვა: კოცე

3 ჯარიმა: კოცე

3 სინბინი: ლარსონი, კუცია, ბოთმა

1. ახალი ზელანდია 3 3 0 0 127:40 14
2. არგენტინა 3 2 0 1 115:51 10
3. საქართველო 4 2 0 2 53:123 8
4. ტონგა 3 1 0 2 61:83 6
5. ნამიბია 3 0 0 3 51:110 1

9 ოქტომბერი

ახალი ზელანდია - ტონგა

11 ოქტომბერი

არგენტინა - ნამიბია

0.18313