დასავლეთლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პოსტიდან დათხოვნის შემთხვევაში კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩისგან საკომპენსაციოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს. ამის თაობაზე Mirror წერს, თუმცა, იმაზეც ამახვილებს მკითხველის ყურადღებას, რომ ჯერჯერობით პირენელისთვის კონტრაქტის გაწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.
მოურინიოს “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და შეთანხმების თანახმად ყოველწლიურად 11.5 მილიონ ევროს იჯიბავს. მიმდინარე პრემიერლიგაში მოქმედმა ჩემპიონმა “ჩელსიმ” წარუმატებელი სტარტი აიღო, 8 ტურის შემდეგ 16-ე ადგილი უკავია, ლიდერ “მანჩესტერ სიტის” ქულათა სოლიდური სხვაობით ჩამორჩება და მთავარი მწვრთნელის გადადგომის საკითხიც ამიტომ გახდა აქტუალური დისკუსიის საბაბი.
ამასობაში ჟოზე მოურინიოსადმი საკუთარი დამოკიდებულება ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა იოჰან კრუიფმაც გააჟღერა: “მოურინიო წინააღმდეგობრივი და საკამათო პერსონაჟია. მომწონს, როგორ მუხტავს იგი თავის გუნდს, მაგრამ მისი მხრიდან მიუღებელია მუდამ იმაზე აქცენტირება, რომ პლანეტის საუკეთესო სპეციალისტია. პორტუგალიელს თავმდაბლობა ნამდვილად აკლია და ამ მხრივ ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ახალ თაობას”.