ფეხბურთი

18:46 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმი ტაბიძე: „ესპანეთის დონის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაშის ძალა შეგვწევს“
"გენტში" მენდობიან და ცდას არ დავაკლებ პირველ გუნდში დამკვიდრების შანსი რომ გამოვიყენო"

19 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე რამდენიმე თვის წინ „საბურთალოდან“ ბელგიურ "გენტში" ჩაირიცხა და ახლა ევროპაში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას.

ახალგაზრდა ფეხბურთელი „გენტის“ დუბლშემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს და იმედია მალე პირველ გუნდში შეძლებს ფეხის მოკიდებას.

ტაბიძემ, რომელიც ახლა სამშობლოშია და 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება, „საბურთალოს“ ვებგვერდთან „გენტზე“, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე და ესპანეთთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

ჯიმი ტაბიძე: ერთი თვის წინ კუნთი გამეჭიმა და დაახლოებით ათი დღე იძულებით დასვენება მომიწია.ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ, უკვე სამი კვირაა ვარჯიში განვაახლე. ტრავმის შემდეგ პირველი შეხვედრა ცვლილებაზე ვითამაშე, შემდეგი მატჩები კი კვლავინდებურად "ძირითადში" დავიწყე.
- როგორ შეეგუეთ გარემოს, ახალ კლუბს?
- პირველი თვე ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა შევეგუე იქაურობას, ფეხბურთელებიც უკეთ გავიცანი. რაც მთავარია, მთავარი მწვრთნელი მენდობა, მაიმედებს, ვთამაშობ, დანარჩენი კი უკვე ჩემზეა დამოკიდებული. ვეცდები ხელმძღვანელებისა და იმ ადამიანების იმედები გავამართლო, რომლებსაც ჩემი სჯერათ, ამისთვის კი არაფერს დავიშურებ.
- ევროპულ ვარჯიშებთან გამკლავება ხომ არ გაგიჭირდათ?
- არ გამჭირვებია, რადგან "საბურთალოში" იმხელა საფეხბურთო განათლება მაქვს მიღებული, რომ ვარჯიშებთან შეგუება რთული არ იყო. "საბურთალოს" ევროპული ხედვა აქვს, ბევრ წამყვან საფეხბურთო კლუბთან თანამშრომლობს, მაღალკვალიფიციური მწვრთნელები მუშაობენ, კლუბის ხელმძღვანელებიც მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ახალგაზრდა ბიჭები ევროპულ ტემპს არ ჩამორჩნენ. დარწმუნებული ვარ, არცერთ საბურთალოელს უცხოეთში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება, რადგან აქ ზუსტად იმ მეთოდოლოგიით მიმდინარეობს ვარჯიშები, რაც ევროპაშია დანერგილი.
- როგორი დონისაა ბელგიის პირველობა, იგივე 19-წლამდელთა გუნდი, რომელშიც თავად ასპარეზობთ?
- ძალიან მაღალი სისწრაფეებია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადახვიდე დაცვიდან შეტევაში, ფიზიკურ კონდიციებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ამავდროულად, ინფრასტრუქტურულად გამართულად არიან და ბელგიაში ყველანაირი პირობაა იმისა, რომ მოუმატო თამაშს, ადგილი დაიმკვიდრო ევროპაში. ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო. მე მხოლოდ საქართველოში მაქვს ნათამაშები, აქედან გამომდინარე თუ შევაფასებთ, ბელგიელები ბევრად წინ არიან.
- "გენტის" 19-წლამდელთა გუნდი პარალელურად იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, იქ სადაც რამდენიმე დღის წინ "საბურთალოს" დებიუტიც შედგა. თუმცა, "გენტის" შემადგენლობაში ევროპულ ასპარეზზე ჯერჯერობით თამაშის უფლება არა გაქვთ. გული არ გწყდებათ?
- კარგი იქნებოდა, რომ ევროტურნირებშიც მქონოდა თამაშის საშუალება, მაგრამ იცით ალბათ, რომ თუ 1996 წელს ხარ დაბადებული და იმ კლუბში, რომელშიც ასპარეზობ, ორი წელი არ გაქვს ნათამაშები, არ შეგიძლია იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშო. აქედან გამომდინარე, იძულებული ვარ ამ ეტაპზე მხოლოდ "გენტის" დუბლებში თამაშით დავკმაყოფილდე.
რამდენიმე დღის წინ ჩვენმა გუნდმა "ზენიტს" სანქტ-პეტერბურგში სძლია და ორი ტურის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. წინ ბევრი საინტერესო თამაში გველის და ვეცდებით კარგად წარმოვაჩინოთ თავი.
- როგორ ფიქრობთ, როდის შეიძლება კლუბის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი მოგეცეთ?
- ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ცდას არ ვაკლებ და მომავალშიც მაქსიმუმს გავიღებ ამისთვის. ვფიქრობ, წლის ბოლომდე მაინც შეგუების ფაქტორი იქნება, ახალი წლიდან კი შესაძლოა მომეცეს პირველ გუნდში ვარჯიშის საშუალება. თუ მომეცემა შანსი, ვეცდები გამოვიყენო.
- თქვენს უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან, მეგობრებთან ხშირი კონტაქტი გაქვთ?
- ყველა საბურთალოელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს და მათთან ერთად გატარებულ პერიოდს, ყოველთვის სასიამოვნოდ გავიხსენებ. "საბურთალო" რომ წარმატებული გუნდია ეს ყველამ იცის, მაგრამ კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ძალიან მეგობრული კლუბია, ჯანსაღი და კარგი ატმოსფერო სუფევს.
კლუბის ხელმძღვანელების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მათგან ყოველთვის სითბოსა და დიდ ყურადღებას ვგრძნობდი. ამ ადამიანების იმედების გამართლებას ვეცდები. ბელგიაში სისტემატურად ვეცნობი უკვე ჩემი ყოფილი გუნდის შედეგებს, ვნახულობ ვიდეოებს. ასე რომ, აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესებში.
- ენის პრობლემა თუ გადალახეთ?
- ინგლისურს ვსწავლობ და ვფიქრობ მალე ყველაფერი რიგზე იქნება. ვარჯიშებზე მწვრთნელი რასაც საუბრობს თითქმის ყველაფერს ვიგებ, თუმცა ეს არაა საკმარისი და იმედი მაქვს, მალე ამ კუთხითაც გავაუმჯობესებ მდგომარეობას.
- ნაკრებზეც გკითხავთ - ელოდით 21-წლამდელთა გუნდში გამოძახებას?
- სიმართლე გითხრათ ველოდი, რადგან ტრავმის შემდეგ "გენტში" რამდენიმე თამაში ჩავატარე, სათამაშო პრაქტიკა მივიღე და ავთამაშდი. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული - დიდი ბედნიერება და სიხარულია დაიცვა შენი ქვეყნის ნაკრების ღირსება!
- ხვალ 21-წლამდელთა ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. როგორ მიდის გუნდში მზადება?
- განწყობა საბრძოლოა, ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ. თამაში ყველასთან შეიძლება, ესპანეთის ნაკრები იქნება თუ ნებისმიერი სხვა. შეგვწევს ძალა, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდებს ტოლ-სწორად ვეთამაშოთ.

www.fcsaburtalo.ge

0.120797