ევროპის მოქმედი და მსოფლიოს ექსჩემპიონი ესპანეთი კონტინენტის მომავალი პირველობის შესარჩევ მატჩებს 9 ოქტომბერს ლოგრონიოში ლუქსემბურგთან, 12-ში კი კიევში უკრაინასთან ჩაატარებს. ამ შეხვედრების წინ “ფურია როხას” მთავარ მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს საშემადგენლო სირთულეები შეექმნა.
სხვადასხვა ხარისხის და სირთულის ტრავმების გამო ესპანელთა ეროვნული გუნდის შეკრება ინიგო მარტინესმა, ბრუნო სორიანომ და დანი კარვახალმა დატოვეს. მათ ნაცვლად პირენელთა გამოცდილმა დამრიგებელმა ბილბაოს “ატლეტიკის” ფეხბურთელებს ხავიერ ეჩეიტასა და მიკელ სან ხოსეს, აგრეთვე “ვილიარეალის” მცველ მარიო გასპარს უხმო.
ევროშესარჩევის C ჯგუფს 8 ტურის შემდეგ 21 ქულით ესპანეთი ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფი სლოვაკეთი პირენელებს 2 ქულით ჩამორჩება. საფრანგეთის სტადიონებზე მომავალ წელს ჩასატარებელი ტურნირის საგზურის მოსაპოვებლად უკრაინაც იბრძვის. ლანჩხუთის “გურიას” ყოფილი მთავარი მწვრთნელის მიხაილ ფომენკოს შეგირდებს 16 ქულით მესამე პოზიცია უკავიათ.