აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში ლიდერთა პრინციპული შეხვედრა შედგა. ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” ქვეყნის უძლიერეს გუნდს აგდამის “ყარაბაღს” უმასპინძლა. შეხვედრა სკანდალური გამოდგა. ასპარეზობის მიწურულს მსაჯმა ბაქოელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, არადა, ვიდეოჩანაწერმაც დაადასტურა, რომ “ინტერის” ქართველმა კაპიტანმა და მეკარემ გიორგი ლომაიამ ბურთზე ითამაშა და მისი მხრიდან წესის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ ეპიზოდში ლომაიას წითელი ბარათი უჩვენეს.
ნიშნულთან სტუმართა ნახევარმცველი ელვინ მამედოვი მივიდა და ბურთი მიზანს სპეციალურად ააცილა. “ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა მითხრა თერთმეტმეტრიანი არ გამეტანა. სხვებთან ერთად მეც მომეჩვენა, რომ პენალტის დანიშვნისას არბიტრი შეცდა. ჩვენი მხრიდან ეს FAIR PLAY-ს გამოვლენა გახლავთ. მსაჯს სამართლიანი თერთმეტმეტრიანი რომ დაენიშნა, გოლს აუცილებლად გავიტანდი”, - განაცხადა ნამატჩევს “ყარაბაღის” შუახაზელმა.
ასპარეზობის მიწურულს მსაჯმა მინდვრიდან კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ხიზანიშვილი გააძევა. Azerisport-ის ჟურნალისტები დაუფარავად წერენ, ნამდვილად ვერ გავიგეთ, რას ერჩოდა ქართველ უკანახაზელს არბიტრიო. ჩვენ თანამემამულეთაგან სასტარტოში იყო და სრულად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა. შეხვედრის ანგარიშს რაც შეეხება, უმცირესობაში დარჩენილმა “ინტერმა” 0:2 წააგო, 7 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეოთხე პოზიცია უკავია. აზერთა საფეხბურთო ჩემპიონატს 17 ქულით “ყარაბაღი” ლიდერობს.