მერსისაიდული დერბი ბრენდან როჯერსისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. “ევერტონთან” 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ ენფილდელებმა დამრიგებელს კარისკენ მიუთითეს. ეს ცნობა “წითლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გვიან საღამოს დაადასტურა.
The Telegraph-ისინფორმაციით, 42 წლის სპეციალისტი კომპენსაციის სახით 7 მილიონ გირვანქას მიიღებს, რადგანაც კლუბს როჯერსთან კონტრაქტი 2018 წლის მაისამდე ჰქონდა ხელმოწერილი. ჩრდილოირლანდიელი დამრიგებელი “ლივერპულს” 2012 წლიდან ედგა სათავეში. ბრენდან როჯერსის მეთაურობით ენფილდელებმა 122 საპრემიერლიგე მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან 63-ში იმარჯვეს, 30 ფრედ დაასრულეს და 29-ში მარცხი იწვნიეს. როჯერსის საუკეთესო მიღწევა 2013-14 წლების სეზონზე მოდის, როდესაც “ლივერპული” პრემიერლიგაში საბოლოოდ მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა.
“გაწეული სამუშაოსთვის მისტერ როჯერსს მადლობას ვუხდით. მან სასარგებლო და მძიმე სამუშაო გასწია. მასთან კონტარქტის გაწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება იოლად არ მოსულა, მაგრამ გვჯერა გასატარებელი სიახლეები “ლივერპულს” უფრო მაღალი მიზნების შესრულებაში დაეხმარება”, - ნათქვამია გულშემატკივართა მისამართით მერსისაიდელთა კლუბის ხელმძღვანელების მიერ გაკეთებულ მიმართვაში.
Mirror-ის ცნობით კი “ენფილდ როუდზე” გერმანელი სპეციალისტის იურგენ კლოპის მისვლის საქმე მხოლოდ დროის ამბავია. ამ გამოცემის მტკიცებით, დორტმუნდის “ბორუსიას” ექსდამრიგებელთან პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და კლოპი 17 ოქტომბერს, “ტოტენჰემთან” მატჩში “ლივერპულს” გაუძღვება.