ფეხბურთი

10:06 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “თუ გამიშვებენ, “ჩელსის” ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელს შეელევიან”

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა “ჩელსიმ” მიმდინარე პრემიერლიგაში მეტად წარუმატებელი სტარტი აიღო. მერვე ტურში “ლონდონელმა არისტოკრატებმა” საკუთარ “სტემფორდ ბრიჯზე” სამხრეთულ “საუთჰემპტონთან” 1:3 წააგეს და სადღეისოდ სატურნირო ცხრილში მათთვის უჩვეულო 16-ე საფეხური უკავიათ.

“წაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ჩემი აზრით, ახლა “ჩელსის” ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია. ლიდერებს დიდი დისტანციით დავშორდით და საჩემპიონო ტიტულის შენარჩუნება მეტად პრობლემატური იქნება. თუკი კლუბის ხელმძღვანელობას ჩემი დათხოვნა სურთ, უმჯობესია ეს დაუყონებლივ გააკეთონ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, “ჩელსის” ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელს შეელევიან”, - განაცხადა ნამატჩევს დასავლეთლონდონელთა პორტუგალიელმა დამრიგებელმა და სხვა საკითხებზეც ისაუბრა.

“პრემიერლიგის მსაჯები კეთილგანწყობით არიან განმსჭვალულნი ჩვენი მეტოქე მწვრთნელების მიმართ, ამიტომაც ხშირად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუკი მათ ჩემი დასჯა სურთ, დამსაჯონ, არადა, “ჩელსი” ზარალდება. არბიტრმა ხომ ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა “საუთჰემპტონის” კარის მიმართულებით”, - დასძინა მოურინიომ და მატიჩის შეცვლასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: “სერბი შესვენების შემდეგ შევუშვი მინდორზე და 73-ე წუთზე შევცვალე, მაგრამ ამით მატიჩის დამცირება ოდნავადაც არ მსურდა. მიყვარს ჩემი ფეხბურთელები და მათ თავმოყვარეობას ვუფრთხილდები. მატიჩს რაც შეეხება, საუკეთესო ფორმისგან შორსაა, შეცდომებს უშვებს და ამიტომაც გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114247