ფეხბურთი

10:07 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა “კათოლიკების” და “პროტესტანტების” მონაწილეობით

გლაზგოს “სელტიკის” უმთავრესმა აქციონერმა, ირლანდიელმა ბიზნესმენმა დერმოტ დესმონდმა კიდევ ერთხელ წამოაყენა საკითხი მისი კლუბისა და კიდევ ერთი შოტლანდიური გრანდის “რეინჯერსის” ინგლისის საფეხბურთო ვერტიკალში, პრემიერლიგაში ჩართვის აუცილებლობაზე. დესმონდის აზრით, გლაზგოელი “კათოლიკები” და “პროტესტანტები” ინგლისის უპირველეს დივიზიონში თამაშს იმსახურებენ და პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი საფეხბურთო ლიგა შოტლანდიელი გრანდების ჩართვით კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება და გაძლიერდება.

შეგახსნებთ, ამგვარი საკითხი დღის წესრიგში 2009 წელს უკვე იდგა, მაგრამ მაშინ ინგლისურმა მხარემ პრემიერლიგაში ჰაილენდელი ბობოლების ჩასმა იუარა.

“პრემიერლიგაში გამოსვლა გვსურს. ეს შოტლანდიელ ფეხბურთელებს მეტ შემოსავალს გაუჩენს, ფეხბურთისადმი ინტერესი კი კიდევ უფრო ამაღლდება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა აჟიოტაჟი იქნება გლაზგოში, როდესაც სათამაშოდ “მანჩესტერ იუნაიტედი” ან “არსენალი”გვესტუმრებიან. “სელტიკი” და “რეინჯერსი” საუკეთესო ბრიტანული კლუბების მოწინავე ათეულში არიან, ამიტომაც უმაღლეს დონეზე თამაშს იმსახურებენ”, - დერმოტ დესმონდის ეს სიტყვები Sky Sports News HQ-ს მოჰყავს.

მოგეხსენებათ, 2012 წელს გლაზგოს “რეინჯერსი” ბანკროტად გამოცხადდა და რანგით მესამე დივიზიონში დააქვეითეს, წლეულს კი შოტლანდიის პრემიერლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.

დერმოტ დესმონდი ირლანდიის უმდიდრეს ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილზეა. მისი კაპიტალიზაცია მილიარდ 350 მილიონს უტოლდება. დესმონდი “მანჩესტერ იუნაიტედის” აქციონერიც გახლდათ, მაგრამ 2005 წელს საკუთარი წილი მალკოლმ გლეიზერს მიჰყიდა.

0.065099