ტრანსნაციონალური კომპანიები Coca-Cola, McDonald's და Visa, რომელბიც უკვე მრავალი წელია ფიფას სპონსორთა როლში გვევლინებიან, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტობიდან ზეპ ბლატერის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ, რაც ამ ორგანიზაციას შელახული რეპუტაციის აღდგენას შეუწყობს ხელს.
ზემოთნახსენები ბობოლა ფირმები სპეციალურ განცხადებებს ავრცელებენ და მდგომარეობიდან გამოსვლის წინაპირობად შვეიცარელი ფუნქციონერის პოსტიდან წასვლას მიიჩნევენ.
“ფიფას იმიჯი ლამის ყოველდღიურად ეცემა. ამ ორგანიზაციაში სასწრაფოდ უნდა გატარდეს ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მხოლოდ დამოუკიდებელი მიდგომის პირობებშია შესაძლებელი. ბლატერის პრეზიდენტობიდან წასვლა რეფორმირების პროცესის სტარტის მომასწავებელი გახდება. ფიფას ფეხბურთის მოყვარულთა ნდობა უნდა დაუბრუნდეს”, - ნათქვამია Coca-Cola-ს განცხადებაში.
არანაკლებ კატეგორიულ მიმართვას ავრცელებს McDonald's: “ბოლოხანს მიმდინარე პროცესები ფიფას რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას აკნინებს, ამიტომაც მოქმედი პრეზიდენტის გადადგომა რეფორმის ეფექტური პროცესის დაწყების მომასწავებელი გახდება”.
ფიფას კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ფინანსურმა მხარდამჭერმა Visa-მაც სხვა სპონსორთა პოზიცია გაიზიარა: “ჩვენი აზრით, გასატარებელი რეფორმა 2 მომენტს უნდა ეფუძნებოდეს. ფიფას ტრანსფორმაცია დამოუკიდებელმა კომისიამ უნდა გაატაროს, რომლის სათავეშიც მიუკერძოებელი, ნეიტრალური პიროვნება უნდა იყოს. რეალურ რეფორმას კი ფიფას ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ვერ გაატარებს. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების თანახმად, ზეპ ბლატერის გადადგომა ფიფა, ფეხბურთისა და მთლიანად სპორტის ინტერესში შედის”.
შეგახსენებთ, გასულ კვირას შვეიცარიის გენერალურმა პროკურტურამ ფიფას მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აძღრა. თავის მხრივ, ზეპ ბლატერი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და არც პოსტიდან გადადგომას აპირებს.