ფეხბურთი

11:05 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ პელეგრინი: “ფორტუნა ჩვენ მხარეს იყო”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში “მანჩესტერ სიტი” საკუთარ “ეტიჰადზე” ტურინის “იუვენტუსთან” 1:2 დამარცხდა, რითაც “სიკვდილის ჯგუფში” მდგომარეობა გაირთულა. “ქალაქელებს” მიონხენგლადბახში ურთულესი შეხვედრა ჰქონდათ, მთლიანობაში “ბორუსია” უპირატესობას ფლობდა, საგოლე მომენტიც მეტი შექმნა (პენალტის სათანადო რეალიზაციაც ვერ მოახერხა) და ამის ფონზე “სიტის” მოგება ალოგიკურადაც კი გამოიყურება.

“უცნაური მატჩი იყო. საწყისი 65 წუთის განმავლობაში ხელსაყრელ მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, შემდეგ კი უპირატესობას დავეუფლეთ და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ავიღეთ. მთლიანობაში “ბორუსიამ” ჩვენზე უკეთ ითამაშა. მიონხენგლადბახელებს მეტად სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, ჩვენ კი დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით და ჯო ჰარტის ბრწყინვალე სეივები რომ არა, ძნელი სავარაუდოა, მოვახერხებდით თუ არა ქულების აღებას. შეხვედრის მიწურულს ფორტუნამ გაგვიღიმა. ალბათ, მოგებას ნაკლებად ვიმსახურებდით, მაგრამ ასპარეზობის ბოლოში ღირსეულად გამოვიყურებოდით და სასურველ შედეგს ამის წყალობით მივაღწიეთ”, - განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მანჩესტერელთა ჩილელმა მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ.

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფს 6 ქულით ტურინის “იუვენტუსი” ლიდერობს, 3-3 ქულა აქვთ “მანჩესტერ სიტისა” და “სევილიას”. მომდევნო ტურში 21 ოქტომბერს “ქალაქელები” ანდალუსიელებს უმასპინძლებენ.

0.117019