კალათბურთი

13:17 | 30.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას ორმაგი დუბლი

ევროპის ჩემპიონატის დასრულების კვალად, კლუბში დაბრუნებულმა თორნიკე შენგელიამ პირველივე საკონტროლო მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და “ლაბორალ კუჩას” რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბასკური კლუბი შინაურ არენაზე იტალიურ “დოლომიტი ენერგია ტრენტოს” დაუხვდა და 76:86 დამარცხდა, ქართველი კალათბურთელი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 29:11 წუთში (მას მასპინძელთაგან ყველაზე მეტი დრო დაეთმო) 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

შენგელიამ 10-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ლაბორალ კუჩას” რიგებში 18 ქულით ყველაზე შედეგიანი 20 წლის სენეგალელი ცენტრი ილიმანე დიოპი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, ხოლო უნგრელმა ადამ ჰანგამ 15 ქულა მიითვალა.

ისიც ვთქვათ, რომ გასული მატჩი სირიელი ლტოლვილი ბავშვების დახმარებისკენ იყო მიმართული და კალათბურთელებს ზურგზე მათი სახელები ეწერათ.

ახლა, შენგელიას კლუბი გეზს მოსკოვისკენ აიღებს და 3-4 ოქტომბერს ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტრადიციულ ტურნირში (საპრიზო ფონდი 50 ათასი ევრო) ჩაებმება.

შაბათს, “ლაბორალ კუჩა” ნახევარფინალში ცსკა-ს ეთამაშება, კვირას კი, შედეგიდან გამომდინარე – ყაზანის “უნიკსს” ანაც ათენის “პანათინაიკოსს”.

0.116883