შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრო ფიფას კორუფციული სკანდალის გამო დაკავებული კოსტა-რიკის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ედუარდო ლის ამერიკის შეერთებული შტატებში ექსტრადიციას დათანხმდა. ამის შესახებ ხსენებული სამინისტროს ვებგვერდი იუწყება.
ლი მაისის ბოლოს ციურიხში ფიფას ექვს მაღალჩინოსანთან ერთად დააკავეს. მათ სხვა ბრალდებებთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის “გათეთრების” ბრალდება წაუყენეს. გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურატურა აწარმოებდა.
“ბრალდება 47 პუნქტს შეიცავს, მათ შორის რეკეტს, ფულის “გათეთრებას” და თაღლიღობას. ის ფიფას ჩინოვნიკების ორ თაობას ეხება” – განაცხადა აშშ-ს გენპროკურორმა ლორეტა ლინჩმა.
ედუარდო ლი ფიფას მესამე ყოფილი მაღალჩინოსანი გახდა, რომლის ექტრადიციის მოთხოვნაც შვეიცარიამ დააკმაყოფილა. მანამდე, ამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ეუხენიო ფიგერედოს და კიდევ ერთი ფუნქციონერის ექსტრადიციას დათანხმდა, რომლის ვინაობა არ სახელდება.