29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში დასავლეთლონდონის “ჩელსი” პირენეს ნახევარკუნძულს ესტუმრება, სადაც “პორტუს” დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, პორტუგალიელთა კარს ესპანელი გოლკიპერი იკერ კასილასი იცავს, რომელთან ერთადაც “არისტოკრატთა” ამჟამინდელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალში” 2010-13 წლებში მუშაობდა.
გეხსომებათ, ჟოზე მოურინიოსა და იკერ კასილასს ერთობლივი მუშაობისას რთული ურთიერთობა ჰქონდათ. პორტუგალიელი სპეციალისტის კასტილიაში მოღვაწეობის ბოლო სეზონში კასილასმა ხელის ტრავმა მიიღო და როდესაც მწყობრში ჩადგა, სეუ ჟოზემ იკერი სანტიაგო ბერნაბეუელთა სათადარიგოთა სკამზე დატოვა. გულშემატკივრების ნაწილის აზრით, სწორედ ამან გამოიწვია საბოლოოდ კასილასის “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგება და სამეკარეო კარიერის პორტუს “ესტადიო დრაგაუზე” გაგრძელება.
“იკერ კასილასს მატჩის წინ და შეხვედრის დასრულების შემდეგ მივესალმები და ხელს ჩამოვართმევ. ძალიან გთხოვთ, ამ თემაზე მეტს ნუღარ მკითხავთ”, - მოკლედ მოჭრა ჟოზე მოურინიომ AS-სთან საუბრისას.
“პორტუში ორწელიწადნახევარი ვმუშაობდი და ამ კლუბმა ახალი სამწვრთნელო ჰორიზონტებისკენ გამიხსნა გზა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ჩელსი” ფავორიტად არ მიიჩნევა, აი, ჯგუფური ეტაპი კი აუცილებად უნდა დავძლიოთ”, - აცხადებს მოურინიო, რომელმაც “პორტუს” უეფას და ჩემპიონთა ლიგის თასები მოაგებინა.
ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის პირველ ტურში “ჩელსიმ” საკუთარ “სტემფორდ ბრიჯზე” თელ ავივის “მაკაბის” 4:0 მოუგო, “პორტუ” კი კიევში “დინამოს” 2:2 დაუზავდა.