კალათბურთი

17:24 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი დარუშაფაკას სასტარტო ხუთეულში დამკვიდრდა

მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც გასული სეზონი მოსკოვის ცსკა-ში გაატარა, გუნდი გამოიცვალა და კარიერას თურქულ დარუშაფაკაში აგრძელებს. ევროლიგის მონაწილე დარუშაფაკა გასულ უქმეებზე ხორვატიას ეწვია და ქალაქ ზადარში საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

ხორვატიის ზღვისპირა ქალაქში თავი საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს. 6 კლუბი 2 ჯგუფში იყო განაწილებული: ერთ მხარეს გერმანული ბაიერნი, ბერძნული ოლიმპიაკოსი და ადგილობრივი ზადარი, მეორე ჯგუფში კი დარუშაფაკა, სერბული ცრვენა ზვეზდა და თურქული ფენერბაჰჩე იყვნენ თავმოყრილნი.

ჯგუფის პირველი მატჩი დარუშაფაკამ თანაქალაქელ, სტამბოლის ფენერბაჰჩესთან დაძაბულ ბრძოლაში - 59:62 წააგო. მარკოიშვილი დარუშაფაკელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:31 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მოგროვებულ 6 ქულას მანუმ 2 მოხსნა მიამატა და მოედანი პერსონალურების ლიმიტის გამო დატოვა.

მარკოიშვილი მეორე შეხვედრაშიც სასტარტოში იყო. დარუშაფაკა ცრვენა ზვეზდას შეხვდა და 84:77 სძლია. მანუჩარმა მოედანზე 19:46 წუთი გაატარა და თავი 4 ქულას, 4 ჩაჭრას, 1 პასს და 1 მოხსნას მოუყარა, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა. ამ გამარჯვებით დარუშაფაკამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფის მეორეადგილოსან ოლიმპიაკოსს ტურნირის მე-3 ადგილისთვის მატჩში შეხვდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომელიც სტამბოლელთა მარცხით - 57:61 დასრულდა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 20:55 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად მანუჩარმა 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ქართველმა კალათბურთელმა ამჯერადაც 5 პერსონალურის გამო დატოვა მოედანი.

ფინალში ერთმანეთს ფენერბაჰჩე და ბაიერნი შეხვდნენ. მატჩი 76:55 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ფენერბაჰჩემ, რომელსაც ამ მატჩში და მთლიანად ტურნირზე ჩეხმა იან ვესელიმ ულიდერა.

gbf.ge

0.118598