თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-6 ტურში, შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი “ტრაბზონსფორი” “ოლმანლისფორს” ეწვია და 1:3 წააგო. ტრაბზონელებს 10 ქულა აქვთ და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდნენ. თუმცა, ლიდერ “ბეშიქთაშს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან. მიმდინარე სეზონში “ტრაბზონმა” მეორედ წააგო.
პირველი ლიგის მე-6 ტურში “ქარშიაქა” სტუმრად “გაზიანთეფთან” უქულოდ დარჩა – 0:3. მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა დამარცხებულებში ორი ტაიმის იასპარეზა. “ქარშიაქა” 5 ქულით 18 გუნდში მეცამეტეა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 31-ე ტურში, ტალინის “ფლორამ”, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის, გასვლაზე “ტულევიკს” 1:0 სძლია. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გამარჯვებულებში ორი ტაიმი დაჰყო. “ფლორა” 10-გუნდიან ჩემპიონატს 72 ქულით ლიდერობს.
სომხეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში, ერევნის “ულისმა” სახლში თანაქალაქელ “არარატთან” 1:2 წააგო. მასპინძლებში ცენტრალურმა მცველმა გიორგი კაჭკაჭიშვილმა და ფორვარდმა ბესიკ ჩიმაკაძემ სრულად ითამაშეს. “ულისი” ერთი ქულით 8 გუნდში ბოლოა.
“განძასარმა” “შირაქი” მიიღო და ვერ მოუგო – 1:1. მასპინძლებში ფორვარდმა გიორგი გოგატიშვილმა 90 წუთი იასპარეზა. “განძასარი” 15 ქულით 10 გუნდში მეორეა.
“მიკამ”, რომელშიც ნახევარმცველი ირაკლი კვეკვესკირი ირჯება, თავის მოედანზე “ბანანცს” 1:0 აჯობა. “მიკა” 10 ქულით მეხუთეა.
ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 30-ე ტურში, კტპ-მ ჰიკ-ი მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მცველი გიორგი ოსიტაშვილი მასპინძლების თადარიგში იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. კტპ 28 ქულით 12 გუნდში ბოლოა.
პოლონეთის პირველი ლიგის მე-10 ტურში, “შუვალკიმ” “ზაბკი” მიიღო და 0:1 წააგო. ნახევარმცველმა დავით მაკარაძემ დამარცხებულებში ორი ტაიმი დაჰყო და გააფრთხილეს. “შუვალკი” 11 ქულით 18 გუნდში მეთოთხმეტეა.
“ზავიშამ” საკუთარ მოედანზე “სტომლს” 3:0 მოუგო. თავდამსხმელი გიორგი ალავერდაშვილი მასპინძლების 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ზავიშა” 18 ქულით მეორეა.
მოლდოვის ნაციონალური დივიზიონის აუტსაიდერმა “საქსანმა” სტუმრად “სპერანცასთან” ქულა აიღო – 0:0. ნახევარმცველები ირაკლი გოგინაშვილი და გიორგი სარჯველაძე საქსანელთა სასტარტოში იმყოფებოდნენ – პირველი 89-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე 46-ეზე. “საქსანი” 2 ქულით 10-გუნდიანი ჩემპიონატის ფსკერზეა.
პორტუგალიის თასის 1/64-ფინალში “ჟილ ვისენტემ”, სადაც ავთო ებრალიძე ასპარეზობს, გასვლაზე “ოლივეირა დო დოუროს” 5:3 აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
“ფეირენსემ” მეკარე გიორგი მაკარიძის გარეშე “საბუგალს” 2:0 აჯობა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-9 ტურში, “დუისბურგი” ბერლინში ადგილობრივ “უნიონთან” 2:3 დამარცხდა. მცველი ლაშა დვალი დუისბურგელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. გუნდის ახალწვეული გიორგი ჭანტურია სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “დუისბურგს” 2 ქულა აქვს და 18 გუნდში ბოლო პოზიციაზეა.
მე-3 ლიგაში ბრემენის “ვერდერი II”-მა ერფურტში “როტ-ვეისთან” 1:2 წააგო. შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ვერდერელთა განაცხადში კვლავ არ იყო. “ვერდერი II” 6 ქულით 20 გუნდში უკანასკნელ ადგილზეა.
ფარერების ჩემპიონატის 26-ე ტურში, “სუდუროიმ” შინაურ კედლებში იფ-ს 5:2 აჯობა. გამარჯვებულებში მე-40 წუთზე ანგარიში მამუკა ტორონჯაძემ გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე ვალერი იობაშვილმა თანაგუნდელები კიდევ უფრო დააწინაურა - 2:0. “სუდუროი” 10 გუნდში მეცხრეა.
იტალიის ლეგა პრო B-ს მე-4 ტურში, “ტუტოჩუოიო” “კარარეზეს” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ფორვარდმა ირაკლი შეყილაძემ წაგებულებში 90 წუთი დაჰყო. “ტუტოჩუოიო” 2 ქულით 18 გუნდში მეთოთხმეტეა.
ავსტრიის რეგიონალლიგის მე-10 ტურში “კიცბუელმა” გასვლაზე “სენტ-იოჰანთან” 1:4 წააგო. ფორვარდი ლაშა ძიძიგური დამარცხებულებში პირველიდან ბოლო წუთამდე გაისარჯა. “კიცბუელი” 4 ქულით 16 გუნდში მეთხუთმეტეა.