ფეხბურთი

13:20 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურულის სადებიუტო გოლი, კვირკველიას ავტოგოლი

ბაქოს აზალ-ის ლეგიონერმა სანდო გურულმა აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ბაქოელები გასვლაზე “სუმგაითს” დაუზავდნენ, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაათანაბრა (VIDEO). მან 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. კიდევ ერთი ქართველი შუახაზელი ნიგზარ კვირტია სტუმართა 18-კაციან განაცხადში არ იყო. მიმდინარე სეზონში აზალ-მა პირველი ქულა აიღო და პირველი გოლი გაიტანა. შესაბამისად, ბაქოელები 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-5 ტურში, “პაფოსმა” სახლში აელ-ს ვერ აჯობა – 0:0. მასპინძლებში მეკარე როინ კვასხვაძემ, მცველმა გია გრიგალავამ და ნახევარმცველმა ლაშა ხმალაძემ სრულად ითამაშეს. მათ მსგავსად ფორვარდი ნიკა გელაშვილიც სასტარტოში იმყოფებოდა, მაგრამ 70-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი “პაფოსის” რიგებში შეცვლაზე მე-80 წუთზე შევიდა. “პაფოსი” 4 ქულით 14 გუნდში მეათე ადგილზეა.

ალბანეთის სუპერლიგის მე-5 ტურში, ვლორეს “ფლამურტარი” “კუკეშის” ესტუმრა და 0:1 წააგო. მარცხენა მცველმა გიორგი ფოფხაძემ და ფორვარდმა ბაჩანა ცხადაძე ვლორელთა შემადგენლობაში 90-90 წუთი დაჰყვეს. “ფლამურტარი” 4 ქულით 10 გუნდში მეშვიდეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში, ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” სტუმრად დნეპროძერჟინსკის “სტალთან” 0:3 წააგო. ნახევარმცველმა ვალერიან გვილიამ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა ზაპოროჟიელთა რიგებში ორი ტაიმი გაატარა. 21 წლის შუახაზელმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. “მეტალურგი” 3 ქულით 14 გუნდში ბოლოა.

დონეცკის “ოლიმპიკმა” კიევში კიდევ ერთ დევნილობაში მყოფ გუნდ “შახტარს” უმასპინძლა და 2:3 წააგო. მეკარე ზაურ მახარაძემ, რომელსაც უკრაინული პასპორტი აქვს, დამარცხებულებში თავიდან ბოლომდე იასპარეზა. “ოლიმპიკი” 4 ქულით მეთორმეტეა.

ბელგიის იუპილერ ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-9 ტურში, “გენკმა” სტუმრად “კორტრაიკთან” 0:1 წააგო. ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გენკელთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. გასულ კვირაში მან იავადმყოფა და ვარჯიშიც გააცდინა. ლუკა ზარანდია ოპერაციის მერე სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “გენკი” 14 ქულით 16 გუნდში მეშვიდეა.

ბელგიის მეორე დივიზიონში “ტუბიცე” “ანტვერპს” ეწვია და 0:4 დამარცხდა. ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ “ტუბიცეში” 68-ე წუთიდან ითამაშა. “ტუბიცე” 14 ქულით 17 გუნდში მესამეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში კიდევ ერთი თამაში წააგო ყაზანის “რუბინმა”, რომელსაც არც მთავარი მწვრთნელის შეცვლამ უშველა. ამჯერად, ყაზანელებმა სახლში “ურალთან” 1:2 წააგეს. ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ სრულად ითამაშა და 79-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. “რუბინი” 7 ქულით 16 გუნდში მეათეა.

გროზნოს “ტერეკმა” კრასნოდარში ამავე სახელწოდების გუნდთან 1:1 ითამაშა. ცენტრალური მცველი თედორე გრიგალაშვილი გროზნოელთა თადარიგში იყო, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატში მისი დებიუტი კვლავ გადაიდო. “ტერეკი” 13 ქულით მეათეა.

სამარას “კრილია სოვეტოვი” შინაურ კედლებში მოსკოვის “დინამოს” ფრეზე გაეყარა – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მასპინძლების თადარიგში იყო. “კრილია” 14 ქულით მეშვიდეა.

0.11625