ბლოგი

10:36 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პან რობერტის ხუთგოლიანი სასწაული

მოდით მაგარი სანაძლეო დავდოთ იმაზე, რომ თბილისის ქუჩაში გაჩერებული ყოველი ათი ადამიანიდან მინიმუმ ხუთს მაინც არ ეცოდინება ვინ არის რობერტ ლევანდოვსკი. დანარჩენი ხუთიდან ალბათ ყველას გაგონილი მაინც ექნება საქართველოს თითქმის ყველა პარლამენტარის გვარ-სახელი, ჩეჩნეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვინაობა და ათასი ჯურის მოექსპერტო ელემენტის სახელიც, რომლებიც აგრერიგად გვიწამლავენ ცხოვრებასა და ნერვებს.

არადა, რაც პან რობერტმა გასულ სამშაბათს მოიმოქმედა, არამხოლოდ ისტორიის ფურცლებს დარჩება, ეს ის ამბავია, რომელიც აუცილებლად გადაეცემა თაობიდან-თაობას და ის ბედნიერნი, რომლებმაც გერმანიაში ლევანდოვსკის მიერ დატრიალებული სასწაული ”ცოცხლად” იხილა, მერე ყოველთვის იტრაბახებენ ნანახის გამო, რადგან იყო დიდი ისტორიის თანაზიარი – ეს ალბათ ყველა ადამიანის დიდი ოცნებაა.

ფეხბურთში ცხრა წუთში ხუთი გოლის კი არა, კალათბურთში ყოველ ცხრა წუთში მოთამაშემ ხუთი ქულა რომ მოიპოვოს, ალბათ მატჩის საუკეთესო მოთამაშეობას მაინც წაეთამაშება (რა თქმა უნდა გადარეულ პაუ გასოლს და მისთანებს არ ვგულისხმობ). ამ შერეკილმა პოლონელმა კი ყველა დროის რეკორდი მაშინ დაამყარა, როდესაც ”ბაიერნი” საკამოდ ძლიერ “ვოლფსბურგს” ხვდებოდა და პირველი გოლიც სწორედ “მგლების” ანგარიშზე იყო.

გუშინწინ ერთი ჩვენებური ქომაგისგან მოვისმინე, რომ ლევანდოვსკის ხუთი ერთმანეთზე მაგარი გოლი მხოლოდ გამართლება იყო, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება და პოლონელს ძალიან გაუმართლა, რომ სწორედ იქ და იმ ადგილზე აღმოჩნდა, როდესაც ასეთი დიადი ისტორია უნდა დაწერილიყოო. მაშინ აბა ისიც ვთქვათ რა არ არის გამართლებაზე და როდის ყოფილა ცხოვრება და მეტადრე სპორტი ოდენ ცივი ლოგიკის გზის გამყოლი? მარადონას რომ არ გამართლებოდა, რა თქმა უნდა ვერასოდეს გაიტანდა ინგლისთან იმ სასწაულ გოლს. ვერც ვან ბასტენი ჩაუტარებდა დარტყმის გაკვეთილს სრულიად საბჭოთა კავშირს, ვერც ზიდანი იბზრიალებდა ბურთთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ვერც ვიტალი დარასელია აოტნებდა გერმანელთა კარს იმ ნეტარ 81-ში და საერთოდ, გამართლება რომ არა, დარწმუნებული ვარ საქართველო საერთოდ არ იარსებებდა და თუ რატომ არ იარსებებდა, ეს თქვენც კარგად უნდა იცოდეთ.

გუშინ კიდევ ერთხელ ჩავუჯექი ლევანდოვსკის დიად ცხრაწუთიან ხუთგოლეულს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ კაცს მრავალი სხვა პლიუსის გარდა უმთავრესი დადებითი მხარე ისა აქვს, რომ ყოველთვის და ყველა ეპოზოდში თანაბარი შემართებით იბრძვის და მისთვის მოშვება და მოდუნება სრულიად უცხო მცნებებია. ზოგი ალბათ ამბობს, რომ ლევანდოვსკი უბრალოდ დაუნდობელი და ჯიუტი კაცია, რომელიც ერთი პოზიციიდან ასჯერ დაარტყამს თუკი ხედავს, რომ იქიდან დარტყმა გამოსდის (სხვათა შორის ეს პროფესიონალიზმის კიდე ერთი მახასიათებელია) მაგრამ მოდით აბა სხვებმაც სცადონ იგივე...

აი მაგალითად ავიღოთ ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მინდორზე ყოველთვის შემართულია და ყოველთვის მზადაა ნებისმიერი საკადრისი თუ უკადრისი ხერხებით დალაშქროს მოწინააღმდეგის კარი (ეჰ, ნეტა ჩვენც გვყავდეს ერთი ასეთი “ყველაფრის მკადრებელი” ფეხბურთელი) მაგრამ მომენტებში, ვთქვათ როდესაც სამი გოლი უკვე გატანილი აქვს, ისიც ეშვება და ბურთის გორებაზე გადადის. ეს შერეკილი პოლონელი კი სულ სხვა “ცომითაა ნაზელი” და იმავე “ვოლფსბურგთან” თამაშის დროს კიდევ 10-ჯერ რომ მისცემოდა შანსი, ათჯერვე “უტიფრად” დაარტყამდა ბურთს კარში.

აი ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ რობერტ ლევანდოვსკი ძალიან დიდი ფეხბურთელია და ის მომავალში კიდევ ბევრ სასწაულს ჩაიდენს!

0.115759