მადრიდის “ატლეტიკომ” პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურში “ვილიარეალთან” 0:1 წააგო, რასაც “ყვითელი წყალქვეშა ნავის” გალიდერება მოჰყვა. მადრიდელ ზოლიანთა არგენტინელი მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონესთვის ის მატჩი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ პატაგონიელმა სპეციალისტმა საკლუბო რეკორდი დაამყარა.
ესპანეთის ლა ლიგის წინა ტურში სიმეონემ ზედიზედ 211-ედ უხელმძღვანელა “ატლეტიკოს”, რითაც ლუის არაგონესის მიღწევა გააუმჯობესა. ევრო2008-ის ტრიუმფატორი დამრიგებელი მადრიდელებს მიჯრით 210 შეხვედრაში მოძღვრავდა. 45 წლის სიმეონე “ატლეტიკოს” სათავეში 2010 წელს ჩაუდგა. 211 საპრიმერო ასპარეზობიდან კი მადრიდელებს 132 მოაგებინა, 36-ში დამარცხდა, 43 პაექრობა კი ფრედ დასრულდა. დონ დიეგომ “ატლეტიკოს” ევროპა ლიგა, კონტინენტის სუპერთასი, ესპანეთის ჩემპიონობა, “სამეფო თასი” და ქვეყნის სუპერთასი მოაპოვებინა.
ამასობაში, “ატლეტიკოს” თანაქალაქელი “რეალის” პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს 2010 წლიდან მოყოლებული ყველაზე მწირგოლიანი პერიოდი უდგას. წლეულს მან საწყის 6 ტურში 5 გოლი გაიტანა (ხუთივე ერთ მატჩში, “ესპანიოლთან”), 2010-11 წლების სეზონის სტარტზე (ასევე 6 შეხვედრაში) კი კრიშტიანუს აქტივში მხოლოდ და მხოლოდ 3 გოლი გახლდათ.