ფეხბურთი

12:21 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქართველების” “ინტერი” აზერბაიჯანში გალიდერდა

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-6 ტურში, ზაურ სვანაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” თავის მოედანზე განჯის “ქიაფაზს” 1:0 აჯობა.

გამარჯვებულებში მეკარე გიორგი ლომაიამ, მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა სრულად ითამაშეს. ლომაიამ 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ბაქოელთა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ლაშა კასრაძე 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ინტერის” რიგებში გამარჯვების გოლი 53-ე წუთზე ბრაზილიელმა ლეგიონერმა დიეგო მარტინსმა გაიტანა. ბაქოელები 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს სათავეში 13 ქულით ჩაუდგნენ და მეორე ადგილზე მყოფ “გაბალას” გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით სჯობნიან. თუმცა, მათი უშუალო კონკურენტი აგდამის “ყარაბაღი” თავის მატჩს 26 სექტემბერს ჩაატარებს.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” სახლში ბეკობოდის “მეტალურგს” 3:2 აჯობა. საყრდენმა ნახევარმცველმა კახა მახარაძემ ტაშკენტელებს შეუცვლელად უკაპიტნა. “ფახთაქორი” 16-გუნდიან ჩემპიონატს 60 ქულით ლიდერობს.

“ქიზილქუმი” გასვლაზე “კოკანდთან” 0:1 დამარცხდა. მარცხენა მცველი გიორგი კვესიეშვილი სტუმართა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. “ქიზილქუმს” 27 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიცია უკავია.

0.123279