შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიებაც დაიწყო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ამჟამინდელი თავკაცი თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში და მის მიერ რწმუნებული ორგანიზაციის თანხების მითვისებაშია ბრალდებული. ბლატერი პირველ დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, სამართალდამცავი ორგანოები კი რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ და სასამართლოს წინაშე საკუთარი ბრალდების განმტკიცებას უტყუარი ფაქტებისა და არგუმენტების მეშვეობით შეეცდებიან.
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ზეპ ბლატერისგან დიდძალი ფულადი გადარიცხვა უეფას ფრანგი პრეზიდენტის მიშელ პლატინის საბანკო ანგარიშზე დაჯდა. საუბარი მილიონ 800 ათას ევროზეა, რომლის მიღებასაც საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი არ უარყოფს.
“შვეიცარელმა სამართალდამცავებმა ფიფას მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მთხოვეს. ყოველთვის გახსნილი ვიყავი ამ ორგანოებისადმი და მათთან სათანამშრომლოდ მზად გახლავართ. ბლატერის მიერ გადმორიცხულ თანხას რაც შეეხება, ეს ფული ფიფასთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად შესრულებული სამუშაოსთვის მივიღე. ვფიქრობ, გამომძიებლებს ყველა სათანადი დეტალი გავაცანი. მას შემდეგ, რაც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად შვეიცარიაში დავსახლდი, ამ ქვეყნის ოფიციალურ პირებთან სათანამშრომლოდ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ”, - ამბობს უეფას თავკაცი.