მიმდინარე პრიმერა დივიზიონის 5 მატჩში “ბარსელონამ” 6 გოლი გაუშვა. ლა ლიგის შეხვედრებში ჩილელმა კლაუდიო ბრავომ ორჯერ “მშრალად” დაიცვა კამპ ნოუელთა კარი, გერმანელმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კი 3 ასპარეზობაში 6 ბურთი გაუშვა.
ამჟამად ბრავო ტრავმირებულია და მომდევნო 2 თამაშში (“ლას პალმასთან” 26 სექტემბერს და 3 დღის შემდეგ “ლევერკუზენთან”) “ბარსას” მეკარე კვლავ ტერ შტეგენი იქნება. კლაუდიო ბრავო კი მწყობრში პრიმერას მეშვიდე ტურის წინ ჩადგება – 3 ოქტომბერს კატალონელები ანდალუსიაში “სევილიას” ესტუმრებიან.
ამასობაში, ბარსელონელები ლა ლიგას მომდევნო ტურის შეხვედრისთვის ემზადებიან და მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები შეკრიბა. დამრიგებელმა შეახსენა მოთამაშეებს, რომ სწორედ ისინი არიან ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები და როგორც უახლოეს მატჩებში, ასევე მთლიანად სეზონის დასასრულამდე თავის შეგირდებს ბოლომდე დახარჯვა და შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენა მოსთხოვა.
ამავე ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებს კატალონელთა ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი გაესაუბრა. სამხრეთამერიკელი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რასაც მისი სიტყვებიც გვარწმუნებს: “გუნდი დიდი მიზნების გადასაჭრელად შეკავშირებულია, აქტიურად ვემზადებით “ლას პალმასთან” მატჩისთვის. იმედიანად ვარ განწყობილი – წინ “ბარსა”!