სერია A-ს დებიუტანტმა “ფროსინონემ” აპენინელთა უპირველეს დივიზიონში თავისი პირველი ისტორიული ქულა გასვლაზე, იტალიის მოქმედ ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსთან” მატჩში მოიპოვა, როდესაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გააყაიმა, “ბებერ სინიორას” კი 2 ქულა ცხვირწინ ააცალა.
“გაინტერესებთ გაბრაზებული ვარ თუ არა? უბრალოდ, გულნატკენი გახლავართ. შეხვედრის მიწურულს კუთხურიდან გაშვებული გოლი ასპარეზობის ლოგიკური დასასრული იყო. “იუვემ” სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა და მოწინააღმდეგეს გაყაიმების შანსი მისცა. ჩვენ რიგებში საკმაოდაა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც დიდ გუნდში თამაშს მიჩვეულები არ არიან. იმედია, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან ისინი სათანადო დასკვნას გააკეთებენ. სადღეისოდ “იუვენტუსს” ნებისმიერი ძლიერი ოპონენტის დამარცხება ძალუძს, მაგრამ ასევე ნებისმიერ სუსტ მეტოქესთან წაფორხილებაც შეუძლია. გუნდის პროგრესი უფრო დიდი ტემპით უნდა დავაჩქაროთ”, - “ბიანკონერის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი Mediaset Premium-ს გულახდილად ესუბრა.
ამასობაში, ტურინელთა ახალწვეულმა სამი ხედირამ საკუთარი “ინსტაგრამის” მეშვეობით გულშემატკივარს აუწყა, რომ ტრავმას მალე მოირჩენს და მალე გუნდთან ერთად წვრთნას შეუდგება. გერმანელს ჯერჯერობით “ზებრების” შემადგენლობაში არ უთამაშია.
5 ტურის შემდეგ “იუვენტუსს” 5 ქულა აქვს და ლიდერ “ინტერს” უკვე 10 ქულით ჩამორჩება.