ფეხბურთი

9:53 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

განსაკუთრებული “ცხრიანი” და მინდვრის ბატონ-პატრონი “რეალი”

მადრიდის “რეალმა” ბილბაოში იქაურ “ატლეტიკს” კარიმ ბენზემას დუბლის წყალობით 2:1 სძლია, ისარგებლა “ბარსელონას” ვიგოში შერცხვენით და პრიმერა დივიზიონის გათამაშების ცხრილს სათავეში მოექცა. ბასკეთში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ Marca-მ რამდენიმე კომენტარი ჩაწერა.

“მოგებით კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში ჩვენების დომინაცია აშკარა იყო, შესვენების შემდეგ კი ბიჭებმა ხასიათის სიმტკიცე და კოლექტივიზმის გრძნობა გამოავლინეს. მეტოქის კარის მიმართულებით 20-ჯერ დავარტყით, რაც თვალნათლივ მიუთითებს “რეალის” უპირატესობაზე. ბილბაოში მოპოვებული გამარჯვება სატურნირო თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგიური ასპაქტითაა მნიშვნელოვანი. კარიმ ბენზემას რაც შეეხება, ფრანგი განსაკუთრებული “ცხრიანია”, ის მოწინააღმდეგის დაცვაში ქაოსს იწვევს”, - განაცხადა “ბლანკოსის” დამრიგებელმა რაფა ბენიტესმა.

საკუთარი და გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა სანტიაგო ბერნაბეუელთა ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი: “განსაკუთრებით კარგად მინდვრის შუაგულში გამოვიყურებოდით. გუნდმა მტკიცე ხასიათი გამოავლინა – ამ თვისების გარეშე “ატლეტიკის” ძლევა წარმოუდგენელია”.

მადრიდელთაგან განსხვავებით ბასკთა დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე საპირისპირო გუნება-განწყობაზე გახლდათ: “მას შემდეგ, რაც გოლი გავიტანეთ, უკან დავიხიეთ და მხოლო იმასღა ვუმზერდით, როგორ თამაშობდა “რეალი”. მინდვრის ბატონ-პატრონი მოწინააღმდეგე იყო. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა”.

0.114882