ვიგოს “სელტას” მიერ “ბარსელონას” 4:1 დამარცხება ისტორიულია, რადგან კატალონელ გრანდს ვიგოელებთან 3 ბურთის სხვაობით წაგებული 1957 წლიდან მოყოლებული არ ჰქონდათ. ამ წარმატების შემდეგ “სელტამ” 13 ქულა დააგროვა, ერთი პუნქტით გაასწრო “ბარსას” და ლიდერ მადრიდის “რეალს” მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება.
“დღეს ჭეშმარიტმა ფეხბურთმა და გულშემატკივრებმა იზეიმეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა ტრიბუნებზე შეკრებილი ადამიანები გაახარეს, მათ ხომ ბრწყინვალე საფეხბურთო სპექტაკლი იხილეს. “ბარსელონას” თავისი თამაშის ჩვენების საშუალება პრესინგით მოვუსპეთ”, - განაცხადა ვიგოელთა მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო ბერიცომ Marca-სთან საუბრისას.
ამავე გამოცემამ ნამატჩევს კომენტარი “ბარსელონას” დამრიგებელ ლუის ენრიკესაც ჩამოართვა: “მოხარული ვარ, “სელტას” ისტორიის ნაწილი მეც რომ გახლავართ. ვიგოელებს 2013-14 წლების სეზონში ვწვრთნიდი და “ბალაიდოსზე” გატარებულ პერიოდს ყოველთვის თბილად ვიხსენებ. “სელტას” მაღალი სათამაშო პოტენციალი აქვს და პრიმერა დივიზიონის ლიდერებს შორის ყოფნა არა მარტო ჩემპიონატის სტარტზე, სეზონის მიწურულსაც თავისუფლად შეუძლია”.
მატჩის დასრულების შემდეგ მოწინააღმდეგე კატალონელთა არგენტინელმა მცველმა ხავიერ მასკერანომაც შეაქო: “მეტოქემ ყოველმხრივ გვაჯობა. ვიგოელები ინდივიდუალურადაც უკეთ გამოიყურებოდნენ და გუნდური თამაშითაც. მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. წაგება უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადოთ”.