სხვა

14:58 | 23.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი კაჩი-კოშის მიუახლოვდა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც სექტემბრის სუპერტუნირს აღმოსავლეთის კომუსუბის ტიტულით შეხვდა, დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) უახლოვდება.

ტოჩინოშინს წარუმატებელი სტარტი ჰქონდა, თუმცა, აკი ბაშოს შუაწელიდან მოუმატა და ზედიზედ 4 გამარჯვება იზეიმა, რისი წყალობითაც სიტუაცია საგრძნობლად გაიუმჯობესა.

ქართველმა სეკიტორმა 5 მარცხის წილ მე-6 მოგება აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იჩინოჯოსთან მიითვალა. ტოჩინოშინს მონღოლ სუმოისტთან ძალიან რთული ბრძოლა გადახდა და დაახლოებით 50-წამიანი ჭიდილის კვალად, მეტოქე იორიკირით დაჯაბნა.

გორგაძეს კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად, დარჩენილი 4 შერკინებიდან ორის მოგებაც ეყოფა. ქართველი გოლიათის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 6:3-ს ამარცხებს.

ტოჩინოშინისგან განსხვავებით, ბოლო დღეებია ძალიან უჭირს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც 5 მოგების ფონზე მე-6 მარცხი სეიროსგან იწვნია.

აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველს აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე მეტოქე დოჰიოს კიდესთან (ტავარა) ჰყავდა მიმწყვდეული, თუმცა, საპასუხო შეტევა გაუშვა და მონღოლთან იორიკირით წააგო.

გაგამარუ სიტუაციის გამოსწორებას ბაშოს მე-12 დღეს ეცდება, როდესაც ძალებს დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიოოტორისთან სცდის. ქართველი იაპონელ სეკიტორს 4-ჯერ შეხვედრია და თანაბარი ბალანსი აქვს.

სექტემბრის სუპერტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად ოძეკი ტერუნოფუჯი რჩება, რომელმაც ზედიზედ მე-11 გამარჯვება იზეიმა. მისი უახლოესი მდევარი აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა იკიოია 10 მოგებით, იოკოძუნა კაკურიუს და დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოიონოშიმას კი 9-9 გამარჯვება აქვთ.

სექტემბრის ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 3:18-დან, ტოჩინოშინის – 7:22-დან

0.118674