ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი იზმირის ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 64 ათასი ევრო) წარმატებულ თამაშს განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ მეტრეველმა თურქული ტურნირის კვალიფიკაცია დასძლია, ძირითად ბადეში გასულმა კი კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა.
ქართველი ჩოგბურთელის მორიგი მეტოქე იტალიელი ერიკ ჩრეპალდი გახლდათ, რომელთან დაპირისპირებაც ჩვენებურმა 6:4, 6:7 (2:7), 7:6 (7:0) მოიგო.
ალექსანდრეს წინსვლის კარგი შანსი აქვს, რადგანაც მერვედფინალში კვალიფიკაციიდან “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით გამოსული მიხალ კონეჩნი ელის.
ჩეხმა ჩოგბურთელმა, რომელსაც რეიტინგში მხოლოდ 421-ე ადგილი უკავია, პირველ წრეში უკრაინელ დენის მოლჩანოვს 6:3, 6:3 სძლია.
შეგახსენებთ, რომ მეტრეველი მსოფლიოს 418-ე ჩოგანია, თუმცა, იზმირში უკვე გამოიმუშავა 13 სარეიტინგო ქულა და დაახლოებით 30 პოზიციით უნდა დაწინაურდეს.