საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელიც ახალი სეზონიდან “მორაბანკ ანდორას” ღირსებას დაიცავს, ახალ გუნდში პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ანდორელები თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” გაეჯიბრნენ და 85:104 წააგეს.
შერმადინმა მოედანზე 22 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება წაამატა.
ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 16-ს უწია, რაც მასპინძელთა რიგებში მხოლოდ მაკედონიელი ვოიდან სტოიანოვსკის შედეგს (22) ჩამორჩებოდა. ამ უკანასკნელმა 19:25 წუთში 18 ქულა ჩააგდო.
სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ, შერმადინის ოფიციალური პრეზენტაციაც მოაწყო. გიორგიმ აღნიშნა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნებით კმაყოფილია და ახალ გუნდში 100%-ით დაიხარჯება. ითქვა ისიც, რომ მომდევნო სეზონში ანდორელთა მიზანი საუკეთესო რვეულში გასვლა და ესპანეთის თასზე თამაში იქნება.
თუკი ისევ აღნიშნულ საკონტროლო შეხვედრას დავუბრუნდებით, მოგახსენებთ, რომ ბასკურ კლუბს, შესაბამისად, 20 და 18 ქულით, ამერიკელებმა მაიკ ჯეიმსმა და დარიუს ადამსმა ულიდერეს, თორნიკე შენგელიას კი თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
ქართველმა ფორვარდმა ევრობასკეტის შემდეგ, მცირე პაუზა აიღო და გუნდში პირველი ვარჯიში ორიოდ დღის წინ ჩაატარა. სწორედ მაშინ თოკომ უფრო ახლოს გაიცნო ახალი მწვრთნელი ველიმირ პერასოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი გასულ ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების დამრიგებელი იყო, თუმცა, წარუმატებელი თამაშის გამო, თანამდებობის დატოვება მოუხდა.
აღნიშნულში წვლილი შენგელიამ და სხვა ქართველმა კალათბურთელებმაც შეიტანეს, რომელთაც ხორვატებს 71:58 სძლიეს. კონკრეტულად, თორნიკემ იმ მატჩში 11 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება მოაგროვა.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ “მორაბანკ ანდორა” მორიგ მოსამზადებელ მატჩს 25 სექტემბერს “ხუვენტუტთან” გამართავს, “ლაბორალ კუჩას” კი 29 სექტემბერს იტალიურ “დოლომიტი ენერგია ტრენტოსთან” დაპირისპირება ელის.