“ვოლფსბურგის” წინააღმდეგ მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი ბომბარდირის რობერტ ლევანდოვსკის თამაში ნაკლებად სავარაუდო გახლდათ. დასავლეთსლავ ფორვარდს ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აქვს, ამიტომაც “რეკორდმაისტერის” კატალონელმა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ იგი თავდაპირველად სათადარიგოთა სკამზე დასვა და “ალიანც არენის” მინდორზე მხოლოდ მას შემდეგ შეუშვა, რაც ბავარიელებმა “მგლებთან” პირველი ტაიმი 0:1 დათმეს.
მეორე ნახევრის 9 წუთიან მონაკვეთში (51-60) კი ლევანდოვსკიმ მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყარა – მან დროის ამ მონაკვეთში 5 გოლი ვოლფსბურგელებს და ისტორიული შედეგი დაამყარა.
“წარმოუდგენელი რამ მოხდა! სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად. 22 სექტემბერი ჩემთვის დაუვიწყარ თარიღად დარჩება”, - განუცხადა მატჩის გმირმა “ბაიერნის” ოფიციალურ ვებგვერდს.
ლევანდოვსკის პენტა-თრიკს მიუნხენელთა კაპიტანი ფილიპ ლამი გამოეხმაურა: “შესვენების შემდეგ მინდორზე გამოვიდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა. ამასთან, რობერტს მეტოქის კარის აღების კიდევ 2 ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა და შეიძლებოდა მატჩი სულაც 7 გატანილი გოლით დაესრულებინა”.
“რობერტმა ჩვენ შეტევებს სიმწვავე შემატა და საჭირო მომენტში ყოველთვის სათანადო ადგილას იყო, რათა პარტნიორების იერიში შედეგიანად დაესრულებინა”, - “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაინც რუმენიგეს ეს სიტყვები ასევე კლუბის ვებგვერდს მოჰყავს.