პსჟ-ს არგენტინელმა ლეგიონერმა ანხელ დი მარიამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარიზულ საფეხბურთო კლუბში თავს საუცხოოდ გრძნობს და ყოველ დღე სახეზე ღიმილით ვარჯიშობს.
- პსჟ-ში გადასვლამდე ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს 2014 წელს ფინალში ითამაშეთ, როდესაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს, ხოლო “რეალმა” “ატლეტიკო” დაამარცხა.
- ეს წარმოუდგენელი რამ იყო და არასოდეს დამავიწყდება. ჩვენს მიერ გატანილი მესამე გოლის შემდეგ, როდესაც უკვე ვიცოდით, რომ ტიტული მოვიპოვეთ, ფანტასტიკური იყო. ჩემპიონთა თასი ხელში რომ გიჭირავს ჟრუანტელი გივლის. მსგავსი რამ კიდევ მინდა განვიცადო.
- ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სთან ერთად დაბრუნდით. “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული ერთი წლის განმავლობაში ეს ტურნირი გაკლდათ?
- რა თქმა უნდა, ეს ტურნირი ძალიან მენატრებოდა. განვლილი სეზონი ჩემთვის არცთუ იოლი იყო. სერიოზული ტრავმა მქონდა, რომლის გამო ვერ ვთამაშობდი. მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგაში გავიმარჯვე, ამ ტურნირს მიღმა დარჩენა ძნელი გახლდათ.
- ახალ კლუბს შეეგუეთ?
- ყველაფერი საუცხოოდაა. ყოველდღე სახეზე ღიმილით ვვარჯიშობ. აქ მომწონს და ახლა პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. პარიზი მართლაც ლამაზი ქალაქია. ჩემი ოჯახი თავს პირველი დღიდან საუცხოოდ გრძნობს. ეს მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირებაში მეხმარება.
ჩასვლისთანავე მოთამაშეთა კლასი და მათ მიერ ტურნირის მოგების სურვილი დავინახე. ისინი თავის ამბიციებს ყოველ ვარჯიშზე და მატჩში ამტკიცებენ. მიზნები და ბრძოლის ჟინი ერთნაირი გვაქვს. ვფიქრობ, ასეთ ფეხბურთელებთან დასახულ მიზანს მივაღწევთ.
- იმ ფაქტს როგორ აფასებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაპირისპირება “რეალთან” მოგიწევთ?
- როდესაც ცნობილი გახდა, რომ პარიზში გადავდიოდი, ცოლს ვუთხარი – მეტოქედ “რეალი” შეგვხვდება-მეთქი. არ ვიცი პუბლიკა როგორ შემხვდება, მაგრამ ჩვენ ერთად “დესიმა” და კიდევ ბევრი რამ მოვიგეთ. “რეალი” – “ატლეტიკოს” მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრები ფეხზე ადგნენ და ისე გამაცილეს, რადგან უკვე ცნობილი იყო, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავდიოდი. ვფიქრობ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნება საუცხოო იქნება. თუ გოლს გავიტან არ აღვნიშნავ. ყველაფერი რასაც “რეალთან” ერთად მივაღწიე ჩემს გულშია.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩის გვერდით თამაში როგორია?
- მე ლეოს, კრიშტიანუს, რუნის გვერდით მითამაშია და ახლა შანსი მაქვს იგივე იბრასთან ერთად გავაკეთო. სიმაღლის მიუხედავად, ის ძალიან მოძრავია და კარგად ირჯება. გულწრფელად გითხრათ ამით გავოცდი. იმედია, შევთამაშდებით. ის ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის ბევრს აკეთებს.
- ლიონელ მესი ახსენეთ. მის შესახებ რას ფიქრობთ?
- ლეოს დასახასიათებლად სიტყვები არ მეყოფა. ჯილდოებისა და ფეხბურთს მიღმაც, ის საუცხოო პიროვნება და მეგობარია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს იმის ხარჯზე მიაღწია, რომ თავის საქმეს სიამოვნებით აკეთებს. მოედანზეც და ცხოვრებაშიც ერთნაირია: მშვიდი და ძალიან კარგი ადამიანი. რაც მოუგია ყველაფერს იმსახურებს.