ფეხბურთი

12:05 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: “მე ყოველთვის მზად ვარ”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე სამარას “კრილია სოვეტოვთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხსენებულ კლუბთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავს საუცხოოდ გრძნობს და სათამაშოდ ყოველთვის მზადაა.

-“კრილია სოვეტოვში” გადასვლის პროცესი როგორ მიმდინარეობდა?

-ჩემი გადასვლა თითქმის 20 დღე “გაიწელა”. კარგია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. სხვებზე გვიან ჩამოვედი, მაგრამ ნელნელა მათ დავეწევი.

-საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას როგორ შეაფასებ?

-გარკვეული დროის განმავლობაში საკლუბო დონეზე არ ვთამაშობდი, მაგრამ ეროვნულ გუნდში გამოვდიოდი და ვვარჯიშობდი. ჩვენი ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი ინდივიდუალურად მავარჯიშებდა. ასე რომ, თავს საუცხოოდ ვგრძნობ.

-რუსეთის ჩემპიონატისა და “კრილიას” შესახებ ბევრი რამ იცი?

-ალექსანდრე ამისულაშვილს ვესაუბრე, რომელიც აქ თამაშობდა და “კრილიაზე” ბევრი კარგი რამ მითხრა. ასევე, ამ გუნდში დავით მუჯირი და დავით გვარამაძე თამაშობდნენ. რაღაც ნუკრი რევიშვილისგანაც გავიგე, რომელიც ამჟამად “მორდოვიაში” გამოდის. რაღაც ინტერნეტში წავიკითხე. “კრილიას” თამაშები ვნახე და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.

-17-ნომრიანი მაისური რატომ აირჩიეთ?

-გულწრფელად გეტყვით, რომ 77 ნომერი მიყვარს, მაგრამ ის დაკავებულია. ვიდრე აქ ჩამოვფრიდნებოდი, ჩემმა მენეჯერმა ნომერი უკვე აარჩია. კარგია, რომ მასში შვიდიანია. ეს ციფრი მიყვარს.

-გუნდში ნაცნობები გყავთ? როგორ შეგხვდნენ?

-ნაცნობი არავინ იყო, მაგრამ არა უშავს, რადგან ახლა ყველას გავიცნობ. ძალიან კარგად შემხვდნენ. მწვრთნელს უკვე ვესაუბრე. არ ვიცი სათასო მატჩზე წავალ თუ არა. ჯერ ახალი ჩამოსული ვარ და გუნდთან არ მივარჯიშია. მხოლოდ სამედიცინო შემოწმება გავიარე.

- თუ გეტყვიან, რომ ტამბოვში უნდა ითამაშოთ, მზად იქნებით?

-მე ყოველთვის მზად ვარ.

0.115831