ევრო2016-ის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ანტე ჩაჩიჩის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ პოსტზე მან რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან დათხოვილი ნიკო კოვაჩი შეცვალა.
ბალკანელებმა საკვალიფიკაციო ციკლის წინა 2 შეხვედრა წარუმატებლად ჩაატარეს – ჯერ აზერბაიჯანთან დაკარგეს 2 ქულა (0:0), შემდეგ ნორვეგიასთან 0:2 დათმეს, რასაც დამრიგებლის დათხოვა მოჰყვა.
ჩაჩიჩს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. იგი სამშობლოში წამყვან კლუბებს მოძღვრავდა, სლოვენიაში “მარიბორს” დამრიგებლობდა, აგრეთვე ლიბიის ნაკრებს წვრთნიდა. “სამშობლოს ეროვნული გუნდის სათავეში ჩადგომა ჩემი სადამრიგებლო საქმიანობის გვირგვინია. დიდი გამოცდილება დავაგროვე და ვფიქრობ, ნაკრებსაც გამოვადგები”, - ამგვარი გახლდათ ჩაჩიჩის სახელდახელო კომენტარი ხორვატთა მთავარი საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ.
ეროვნული გუნდის დამრიგებლის შერჩევასთან დაკავშირებით კომენტარი ხორვატიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, წარსულში ბრწყინვალე მოთამაშემ, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის პრიზიორმა და საუკეთესო გოლეადორმა დავორ შუკერმაც გააკეთა: “მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ბევრი ვითათბირეთ და ჩემი აზრით სადღეისოდ ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, ანტე ჩაჩიჩი მინდობილ საქმეს თავს სათანადოდ გაართმევს. მას ხომ ნაკრების ამჟამინდელი წევრების ბირთვთან მუშაობის გამოცდილება აქვს, რაც მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია.”
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უეფას სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ხორვატთა საჩივარი და ძველი ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც ბალკანელებს ქულა დააკლდათ, ძალაში დატოვა. სასჯელის მიზეზი იტალიასთან შესარჩევი მატჩის დროს მინდვრის გაზონზე სვასტიკის გამოსახვა გახლავთ. შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ხორვატებს 14 ქულა აქვთ. 8 საასპარეზო დღის შემდეგ ბალკანელები 4 ქულით იტალიას, ორით კი ნორვეგიას ჩამორჩებიან.