აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-5 ტურში, ზაურ სვანაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” სტუმრად თანაქალაქელ აზალ-ს 1:0 აჯობა. მეკარე გიორგი ლომაიამ, მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გამარჯვებულთა შორის 90-90 წუთი იასპარეზეს. 36 წლის ლომაიამ, რომელმაც გუნდს უკაპიტნა, მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე “ინტერის” 18-კაციან განაცხადში არ იყო.
აზალ-ის სასტარტოში ნახევარმცველი ნუგზარ კვირტია იმყოფებოდა, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს. ახალ გუნდში კიდევ ერთი ქართველი შუახაზელის სანდრო გურულის დებიუტი შედგა. ის დამარცხებულთა რიგებში 61-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. “ინტერი” 10 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა და ლიდერ “ყარაბაღს” 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო უქულო აზალ-ი ბოლოა.
პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-9 ტურში, შჩეცინის “პოგონმა” გასვლაზე “ტერმალიცასთან” 1:1 ითამაშა. ლადო დვალიშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 87-ე წუთზე შეცვალეს. “პოგონი” 15 ქულით 16 გუნდში მესამეა.
პირველი ლიგის მე-9 ტურში, “შუვალკი” სტუმრად სიედლცეს “პოგონთან” 0:1 დამარცხდა. 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა დავით მაკარაძე “შუვალკიში” მეორე ტაიმი ჩაატარა. “შუვალკი” 11 ქულით 18 გუნდში მეათეა.
ბიდგოშის “ზავიშა” “ბიტოვიას” ესტუმრა და ქულა აიღო – 2:2. ფორვარდი გიორგი ალავერდაშვილი ბიდგოშელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ზავიშა” 15 ქულით 18 გუნდში მესამეა.
თურქეთის სუპერლიგაში ნიკა ძალამიძის დებიუტი შედგა. “რიზესფორმა” თავის მოედანზე “ანთალიასფორს” 5:1 აჯობა და ქართველი შემტევი ნახევარმცველი თამაშში 84-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. “რიზესფორი” 9 ქულით 18 გუნდში მეოთხეა.
კვიპროსის 1 დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-4 ტურში, “პაფოსმა”, სადაც 5 ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სტუმრად “ენოსისთან” 1:2 წააგო. მეკარე როინ კვასხვაძემ და მცველმა გია გრიგალავამ მასპინძლებში შეუცველად ითამაშეს. კვასხვაძემ 29-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მათ მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი და ფორვარდი ნიკა გელაშვილი იმყოფებოდნენ. გრიგალაშვილი 63-ე წუთზე ლევან ხმალაძემ შეცვალა. გელაშვილი 33-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო მოედანი 72-ე წუთზე დატოვა. “პაფოსი” 3 ქულით 14 გუნდში მეთერთმეტეა.
ახნას “ეთნიკოსმა” სახლში “აია ნაპას” 2:0 მოუგო. ქართველი ფორვარდი ბექა ტუღუში და ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი მასპინძელთა სათადარიგოში ისხდნენ, მაგრამ არ უთამაშიათ. “ეთნიკოსი” 7 ქულით 14 გუნდში მეხუთეა.