ფეხბურთი

8:59 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩაქუჩები” ავტორიტეტთა რბევას მათსავე მინდორზე განაგრძობენ

ინგლისის პრემიერლიგაში ზედიზედ მოპოვებული 5 გამარჯვების შემდეგ “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მინდორზე აღმოსავლეთლონდონის “ვესტ ჰემთან” მოულოდნელად 1:2 წააგო, თუმცა, სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციას მაინც ინარჩუნებს.

“მეტად გულდაწყვეტილი ვარ. უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დავკარგეთ, თანაც, საკუთარი მაყურებლის თვალწინ. “ჩაქუჩებმა” მიმდინარე სეზონში გასვლაზე “არსენალსა” და “ლივერპულს” სძლიეს, ამიტომაც რთული ორთაბრძოლისთვის ვემზადებოდით. მეტოქეს 2 იოლი ბურთი გავატანინეთ, რამაც საბოლოოდ ასპარეზობის ბედი გადაწყვიტა. ბოლო 2 მატჩში გუნდი სათანადო კონცენტრაციის ნაკლებობას განიცდის. არ მინდა მარცხი დავიდ სილვას არყოფნით ავხსნა. ამასთან, ისიც ნათელია, პრემიერლიგაში ყველა მატჩს რომ ვერ მოიგებ და ვერც ვადაზე ადრე გაინაღდებ ჩემპიონობას. “სიტი” სათანადო დასკვნას გააკეთებს და ყოველ მომდევნო ასპარეზობას შესაბამისად მომზადებული შეხვდება”, - “ქალაქელთა” ჩილელი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინის ეს სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.

ვიზავისგან განსხვავებით, საპირისპირო გუნება-განწყობაზე გახლდათ დედაქალაქელთა ხორვატი დამრიგებელი სლავენ ბილიჩი. ნამატჩევს ბალკანელი Sky Sports-ის კორესპონდენტს გაესაუბრა: “ცხადია, როცა “ლივერპულს” მისსავე სტადიონზე 3 გოლს გაუტან, “არსენალსა” და “სიტის” 2-2-ს, გამართლების ელემენტიცაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ მანჩესტერელთა წინააღმდეგ პირველ ტაიმში მეტად სოლიდურად გამოვიყურებოდით, მეორეში კი მოწინააღმდეგის ზეწოლას გავუძელით. მეკარიდან დაწყებული თავდამსხმელებით დასრულებული ყველამ კარგად ითამაშა და საკუთარი ფუნქცია ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა”.

6 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ლიდერ “სიტის” 15 ქულა აქვს, “ვესტ ჰემი” კი 12 ქულით ჯერჯერობით მეორეა.

0.125867