ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამასთან მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ თავისივე ეთიკის კომიტეტს ჩინოვნიკის კორუფციული საქმიანობის გამოძიების დაწყება დაავალა.
“გენერალური მდივანი ვალკე ამიერიდან თავის მოვალეობებს გამოძიების დასრულებამდე აღარ შეასრულებს. ფიფას რამდენჯერმე მიმართეს მის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ვალდებულნი ვართ, საქმე ეთიკის კომიტეტს გადავუგზავნოთ”, - ნათქვამია ფიფას პრესრელიზში.
ამჯერად ფიფას მაღალჩინოსანს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ბილეთების რეალიზაციაში ხელის მოთმობას ედავებიან. ვალკეს მუნდიალებზე ბილეთების გაყიდვის უფლების მქონე ფირმის JB Marketing-ის მეპატრონე ბენი ალონი უჩივის. მისი მტკიცებით, ბრაზილიაში ჩატარებული ტურნირის 8 ათასზე მეტი ბილეთი მისი ორგანიზაციის გვერდის ავლით გაიყიდა, მისი რეალიზაცია უშუალოდ ვალკემ განახორციელა და 2 მილიონი ევროც მიითვისა. ალონი ფიფას გენმდივნის დანაშაულებრივ სქემას ამხელს – ვალკეს მეშვეობით ბილეთები Match Services-ს (მისი მეპატრონე დაკავებულია) გავლით გადამყიდველებს ჩაუვარდათ ხელში.
ჟერომ ვალკე ფიფას სტრუქტურებში 2003 წლიდან მოღვაწეობს. 2007 წლამდე მას მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი ეკავა, შემდეგ კი გენერალურ მდივნად აირჩიეს. გასულ აგვისტოს 54 წლის ვალკემ განაცხადა, რომ შესაძლოა ფიფას პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი.