საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი ნიკა მეტრეველი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს. 24 წლის ცენტრის ახალი გუნდი "ორლანდინა" იქნება. ამის შესახებ თავად აპენინური გუნდის ვებგვერდი იუწყება. მეტრეველი ახალ გუნდში 28 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ნიკასთვის იტალია ნაცნობი ადგილია, რადგან იქ ჯერ კიდევ 2007 წელს, 16 წლის ასაკში მოხვდა. სადაც ორი წლის განმავლობაში "რიმინის" ახალგაზრდულ გუნდში იყო და “Basketball without Borders”-ის ტურნირის MVP-იც გახდა, რომელსაც პარიზმა უმასპინძლა და NBA-ს სკაუტების ორგანიზებით ჩატარდა. მისი დებიუტი სერია A-ში 2008-2009 წლების სეზონში შედგა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ევრო ლიგაც დააჭაშნიკა. 2009 წლის დეკემბერში მან იჯარით "ფერენტინოს" მიაშურა, სადაც 18 შეხვედრა გამართა და საშუალოდ თამაშში 6.7 ქულასა და 4.2 მოხსნას აგროვებდა. ამის შემდეგ ნიკა ისევ "რიმინიში" დაბრუნდა და ლეგადუეში (მეორე ლიგა) ითამაშა. 2011 წელს კი უკვე "დინამო სასარიში" გადაბარგდა და სერია A-ში 3.6 ქულასა და 1.8 მოხსნას აგროვებდა.
რაც შეეხება მის ახალ გუნდს: "ორლანდინა" იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზე გავიდა.
მეტრეველი ევრობასკეტ 2015-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყო, თუმცა არ უთამაშია. იმავე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი მისი მონაგარი საშუალოდ თამაშში 2.3 ქულასა და 2.7 მოხსნას შეადგენდა.