ფეხბურთი

19:46 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სეზონის პირველი სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. 16 გუნდიდან საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის 10 კლუბის მოთამაშე შევიდა. გამორჩეული ტურინის “იუვენტუსი” გახლდათ, იტალიური გრანდიდან სიმბოლურში ჯანლუიჯი ბუფონი და ლეონარდო ბონუჩი მოხვდნენ.

სიმბოლური 4-3-3 სისტემისაა. დაცვაში უეფამ ბონუჩის გარდა ადგილი მარცხენაფლანგელ იოსიპ პივარიჩს მიუჩინა. ხორვატმა ლონდონის “არსენალის” დამარცხებაში წვლილი შეიტანა და 24-ე წუთზე გოლი გაიტანა. აგრეთვე, დაცვის ცენტრში “ვოლფსბურგის” ბრაზილიელი ფეხბურთელი დანტე მოგვევლინა, ხოლო მარჯვენა ფლანგზე “ბარსელონას” კარში გატანილი გოლის ავტორი – ალესანდრო ფლორენცი.

ნახევარდაცვაში ანხელ დი მარია, ჰაკან ჩალჰანოღლუ და ნიკოლას გაიტანი მოხვდნენ. არგენტინელმა პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში გოლი გაიტანა, თურქმა “ბატეს” დუბლი შეუსრულა, ხოლო ნიკოლასმა “ასტანა” დაამწუხრა.

თავდასხმის ხაზს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას ლოგიკური სამეული შეირჩა. ანტონიო გრიზმანმა “გალათასარაის” დუბლი შეუსრულა და “ატლეტიკოს” პირველივე ტურში სტუმრად მოაგებინა. ჰალკმა “ვალენსია” გაამწარა, ორი გოლი გაუტანა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთთრიკი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. პორტუგალიელი ლიონელ მესის ახლა უკვე 3 გოლით უსწრებს (80 გოლი).

0.113676