რაგბი

11:07 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაპიტნის ვარჯიშის მოლოდინში

ერთდღიანი დასვენების შემდეგ, ბრისთოლში უკვე მშობლიურად ქცეულ აკადემიის მინდორზე და სპორტულ დარბაზში "ბორჯღალოსნებმა" დილით და საღამოს ივარჯიშეს. გუშინვე სამწვრთნელო შტაბმა, გუნდის სამატჩო რაზმი დაასახელა.

საღამოს ვარჯიშის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა დროებით დატოვეს ბრისთოლი და გლოსთერთან ახლოს მდებარე ჩეთლნემისკენ აიღეს გეზი, სადაც რამდენიმე დღით დაიდებენ ბინას.

დღეს, საქართველოს დროით 14 საათზე ჩვენი ნაკრები მსოფლიო თასზე პირველი კაპიტნის ვარჯიშის გასამართად, "კინგსჰოლმ სთედიუმს" ეწვევა. სანამ ბრისტოლს დატოვებდნენ, თავისი სტატიებით ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, "მსოფლიო რაგბის" ჟურნალისტი ენდრიუ ჰენდრი ესაუბრა მილთონ ჰეიგს და მიხეილ ნარიშვილს.

მილთონ ჰეიგი:

საკმაოდ გამოცდილი რაზმი დაასახელეთ...

„გუნდი სწორედ გამოცდილების პრინციპით დავასახელეთ. მაგალითად ორ ძალიან კარგ მოთამაშეს შორის ვაკეთებდით არჩევანს და სწორედ გამოცდილებამ გადაწონა, რადგან გამოცდილებას ვერ იყიდი. ისეთ რთულ თამაშში, როგორიც ტონგასთან გველის, გამოცდილებას ერთ-ერთი გადამწყვეტ როლი მიენიჭება“

იაპონიის ტესტის შემდეგ სუთიაშვილი თხილაიშვილით შეცვალეთ...

„გიორგი ძალიან კარგი და მშრომელი, ფიზიკურად ძლიერი და მებრძოლი მოთამაშეა. განსაკუთრებით კარგად იბრძვის რაქებში და ძლიერ ბოჭვებსაც ასრულებს. ეს თვისებები ძალიან გამოგავდგება შაბათს. კანადასთან მან ძალიან კარგად ითამაშა, მე რომ მკითხო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავასახელებდი. არც ფალკონზთან გაისარჯა ურიგოდ.

„რაც შეეხება შალვა სუთიაშვილს, იგი უპირობოდ ძალიან კარგი და ძლიერი მოთამაშეა, რომლის კოლოსალური გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება მეორე ნახევარში.“

გიორგაძის მჭედლიძით ჩანაცვლებაზე რას იტყვით?

„ისევ და ისევ გამოცდილება - თამაზ მჭედლიძე ფრთაზე საკმაოდ გამოცდილი, ფიზიკურად ძლიერი და ღონიერი მოთამაშეა. მისგან პოტენციალისა და ძალის სრულ დემონსტრაციას და ფრთიდან ბევრი შესაძლებლობების შექმნას ველით.“

ტრავმირებულ ხმალაძეზე, თოდუაზე და ქუბრიაშვილზეც, რომ გვითხრათ...

„კანადასთან და იაპონიასთან ნაკლებად მძიმე ტრავმები მიიღეს. ვფიქრობდით მათ გამოყენებას, მაგრამ სამედიცინო შტაბმა და მწვრთნელებმა გადავწყვიტეთ, რომ წინ კიდევ სამი საკმაოდ მნშვნელოვანი მატჩები გვაქვს და არ გავრისკეთ.“

რა წარმოადგენს ტონგელთა ძლიერ მხარეს?

„ღონიერი მორკინალები ჰყავთ, რომლებსაც ბურთი კარგად ამოაქვთ. ეს მათი თამაშის სტილია, რითაც ძლიერნი არიან. კარგად გამოსდით უპირატესობის ხაზის შექმნა და როდესაც ამას ხშირად აკეთებენ, მოწინააღმდეგეს სწორედ ამ დროს ეწყება პრობლემები.

„საკმაოდ სწრაფი უკანა ხაზი ჰყავთ, რომლებსაც კარგად გამოსდით ინდივიდუალური თამაში. ასეთ შემთხვევაში გაურღვეველი დაცვით უნდა ვეთამაშოთ. კარგად უნდა შევიკრათ და თუ ეს გამოგვივიდა, არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება. უდიდესი მნიშვნელობა ექნება პირველ ბოჭვებს.“

მიხეილ ნარიაშვილი:

პირველივე მატჩში ტონგას ეთამაშებით...

„შარშან თბილისში ვეთამაშეთ და სამწუხაროდ დავმარცხდით, აქედან გამომდინარე ვიცით, რომ ძლიერი და დიდი სარაგბო კულტურის მქონე, საკმაოდ ნიჭიერი მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდია. მაგრამ არც ჩვენ ვისხედით გულ-ხელ-დაკრეფილნი და შესაბამისად ვემზადებოდით ბოლო თვეების განმავლობაში.“

ორივე გუნდის ძლიერ მხარეს ღონიერი შერკინება წარმოადგენს...

„ფიზიკურად დიდი ბიჭები არიან, გამოცდილნი და ნიჭიერები. სასიამოვნოც არის ასეთ მეტოქესთან თამაში, მაგრამ ჩვენც ვიცით ჩვენი საქმის კეთება, ამიტომ ვნახოთ რა როგორ გამოგვივა.“

გუნდში გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავია...

„გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს პირველი მსოფლიო თასია, მაგრამ გუნდში ორ, სამ და ოთხ მსოფლიო თასზე ნამყოფი ბიჭები გვყავს. ახალგაზრდა მოთამაშეებიც თავის წვლილს შეიტანენ და მჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივა, მაგრამ არამგონია ამის შესახებ ამდენი საუბარი ღირდეს. ყველაფერი შაბათს გაირკვევა.“

საქართველო - ტონგა, 19 სექტემბერს, 15 საათზე

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ტონგას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19 სექტემბერს, 15 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ისევე, როგორც მსოფლიო თასის ყველა მატჩს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.

www.rugby.ge

0.137591